დღეს, სასამართლოში, 2025 წლის 22 აგვისტოს, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე მორიგი პროცესი იმართება.
დღევანდელ სხდომაზე ფსიქოლოგიურ ექსპერტს, მარინა მათიაშვილს ჰკითხავენ, რომელსაც საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ ფარული ჩანაწერი წარუდგინა და ჰკითხა, გაეცნო თუ არა მას, რაზეც ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.
თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა, სადაც გერსამია მკვლელობას აღიარებს.
„მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, – მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.
„ჩხუბი დავიწყეთ. ვენტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა… მწვანე დანა მაგიდაზე იდო… სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.
დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი.
ძალიან ცუდად ვიყავი, [სასწრაფოს] ვერაფერი ვუპასუხე… საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო…
ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა… სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე“, – ამბობს გერსამია.
ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით კი, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას ეს ფაქტი სხვაგვარად თქვა.
მათიაშვილის თქმით, გერსამიამ მას უთხრა, რომ „ლუკამ მაღაზიაში რაღაცები მოიპარა და ამაზე იჩხუბეს“. გერსამიამ ფსიქოლოგს უთხრა, რომ მან ყვირილის ხმა გაიგო და როცა ლუკა დაინახა, ის კისრიდან საყელოს იწევდა, რა დროსაც დანა დაინახა, ამოცალა და მოგვიანებით გარეცხა.
„ლუკა მოვიკიდე და კიბეებზე ჩამყავდა. დამძიმდა, ვეღარ მიმყავდა და სასწრაფოში ჩავედი, ბავშვი მარტო მყავდა დატოვებული და მერე მასთან ავედი“, – აცხადებს გერსამია ფსიქოლოგთან.
შეგახსენებთ, თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს. თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ცნობისათვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
