LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ფანტაზიებს რა პასუხი უნდა გავცეთ?ქვეყანაში არანაირი ძალადობა არ იქნება“ – შალვა პაპუაშვილი პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ განცხადებაზე

152
შალვა პაპუაშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მათი პარტია, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება.

პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებას ფანტაზიას უწოდებს და ამბობს, რომ „ქვეყანაში არანაირი ძალადობა არ იქნება“.

„ამ ფანტაზიებს რა პასუხი უნდა გავცეთ? საქმე ის არის, რომ ქართველი ხალხი ხედავს, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას ესა თუ ის პარტია. ქართველი ხალხი ხედავს ამ ქვეყანაში 12-წლიან უწყვეტ მშვიდობას. ქართველი ხალხი ხედავს, საით მიაქანებს ოპოზიცია მათ – ეს არის ომი, ძალადობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციასთან ასოცირდება. რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო ძალადობის სისტემის შემქმნელი. ამ სისტემის შემქმნელები დღეს ევროკავშირს აფარებენ თავს და, სამწუხაროდ, დღემდე ვერ შევძელით, რომ გადმოგვცენ ის კრიმინალები, რომლებიც თავს აფარებენ ევროკავშირის ტერიტორიას.

ძალადობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვიხილეთ ოპოზიციიდან, როდესაც ისინი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აწარმოებენ ძალადობას. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, როდესაც ტერორის კამპანია ხდებოდა უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული NGO-ების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

გახსოვთ, პოლიტიკური თანამდებობის პირების პირადი ტელეფონის ნომრების გასაჯაროება, მუქარა, დარეკვა მათ ოჯახის წევრებთან, ძალადობის მთელი კამპანია იყო. სასაცილოა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ მათ ძალადობის რაღაც შიში აქვთ, ქვეყანაში არანაირი ძალადობა არ იქნება. ყველას მოვუწოდებ, შეხვდნენ მოსახლეობას. მეორე საკითხია, რა აქვთ მათ სათქმელი მოსახლეობასთან და რა ექნება მათთვის სათქმელი მოსახლეობას.

გასაგებია, ისინი რასაც გულისხმობენ ძალადობის მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩემს სიტყვებს, როდესაც ვთქვი, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმ ყველაფრისთვის, საითაც ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ. პასუხს მოსთხოვენ პოლიტიკურად. აქ ჩანს მათი დაშინება – მათ უნდათ მოსახლეობა დააშინონ, რომ კრიტიკული კითხვები არ დაუსვან. როდესაც ვინმე კრიტიკულ კითხვას დასვამს, მონათლავენ როგორც ძალადობას. იციან, რომ მოსახლეობას კითხვები ექნება მათ მიმართ. იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დაისვას, დააცენზურონ და გააჩუმონ კრიტიკოსები, მიმართავენ დაშინების მეთოდს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა.

პოპულარულები