LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-ის უპილოტო ტაქსები კვლავ უკან გაიწვიეს – ტექნოლოგია პოლიციასა და მაშველებს პრობლემებს უქმნის

129
ქირიას NEWS შაბლონი (2)

Amazon-ის საკუთრებაში არსებული ავტონომიური ტრანსპორტის კომპანია Zoox-ი 100-ზე მეტ რობოტაქსს უკან იხმობს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოვლინდა.

პრობლემა უკავშირდება ავტონომიური მართვის პროგრამას, რომელსაც ძლიერი კვამლის სწორად ამოცნობა უჭირს. ამის გამო, გარკვეულ სიტუაციებში უპილოტო ტაქსებმა შესაძლოა სახანძრო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟების მუშაობას ხელი შეუშალონ.

გაწვევის მიზეზი გახდა რეალური შემთხვევა, როდესაც Zoox-ის უპილოტო ავტომობილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილ ძლიერ კვამლში შევიდა. ავტომობილმა ზოლის შეცვლა სცადა, შემდეგ მოულოდნელად დაამუხრუჭა და გაჩერდა. საბოლოოდ, პროცესში დისტანციურად ჩაერთო ოპერატორი, რომელმაც მანქანა უკან დაახევინა. ინციდენტის დროს სალონში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რეგულატორის ინფორმაციით, დაფიქსირებულია რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ავტონომიურმა ავტომობილებმა ვერ ამოიცნეს საგანგებო სიტუაციის ნიშნები – მათ შორის, სპეცსამსახურების ციმციმა სიგნალები, გზაზე განთავსებული კონუსები და ძლიერი კვამლი, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარებისა და მეხანძრეების გადაადგილებას ხელი შეეშალა.

NHTSA-მ კომპანიას პრობლემის სწრაფად აღმოფხვრა მოსთხოვა. ამასთან, სააგენტო თვის ბოლომდე ავტონომიური ტრანსპორტის მწარმოებლებთან შეხვედრებს გამართავს, რათა მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების ტექნიკური გადაწყვეტილებები განიხილოს.

Zoox-ის განცხადებით, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უკვე მზადაა და ის ავტონომიურ სისტემას საშუალებას მისცემს, ძლიერი კვამლი უკეთ ამოიცნოს და ასეთ სიტუაციებში უფრო უსაფრთხო გადაწყვეტილებები მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები