საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის სექტემბერში მიღებული კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის. ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება და მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით იმოქმედებენ. მარეგულირებელ ორგანოებს რჩებათ საკუთარ სექტორებში კონკურენციის აღსრულების ვალდებულება და შეისწავლიან საკითხებს, რომლებიც ეხება მხოლოდ რეგულირებად სუბიექტებს. სხვა ყველა შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არის კონკურენციის სააგენტო.
დადგინდა ევროკავშირში აპრობირებული კონცენტრაციების კონტროლის ორფაზიანი სისტემა – მარტივი და რთული. სააგენტო 25 სამუშაო დღის ვადაში აფასებს – კონცენტრაცია თავსებადია თუ არა კონკურენტულ გარემოსთან. საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში – ხანგრძლივობა შეადგენს 90 სამუშაო დღეს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ, 5%-ის მოცულობით. ასევე, დადგინდა კონცენტრაციის განხილვის საფასური 5000 ლარის ოდენობით.
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევები გახდა სანქცირებადი და ჯარიმის მოცულობა ბრუნვის 1%-მდე ოდენობით.
პროცედურული ნორმების დახვეწის მიმართულებით, დადგინდა ინფორმაციის მოუწედობლობაზე სანქციების გამკაცრება, კერძოდ, მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის მოწოდება გახდა სავალდებულო და მისი დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარით, იურიდიული პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება.
შეთანხმებული ქმედებების უფრო ეფექტურად გამოვლენის მიზნით დასაშვები ხდება მოულოდნელი შემოწმება. აღნიშნული პროცესის განხორციელების შემთხვევაში, სასამართლო ეკონომიკური აგენტის წინასწარ ინფორმიორებას არ მოახდენს.
ცვლილება შეეხო მოკვლევის პროცესსაც და დღეს არსებული 10 თვის ნაცვლად მისი ვადა 18 თვით განისაზღვრა.
,,ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებები საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ. ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTA მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. ამ დრომდე, არსებული კანონი შეიცავდა არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც ჩასწორდა. ჩვენ ვთვლით, რომ ახალი ცვლილებების შემდეგ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ცვლილებების ძირითადი ნაწილი 4 ნოემბრიდან ძალაში შედის. რაც შეეხება კონკურენციის ინსტიტუციონალური მიმართულებით ცვლილებებს, კონკურენციის საბჭოს ამოქმედება ცოტა მოგვიანებით განისაზღვრა.’’ – განმარტავს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, 2020 წელს კონკურენციის კანონში ცვლილებების გარდა საქართველოს პარლამენტმა ორი – ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი’’ და ,,შესყიდვების კანონში’’ ცვლილებები (დავების განხილვის საბჭო გადმოდის კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში) მიიღო, რომლის აღსრულებაც კონკურენციის საააგენტოს ეკისრება.
2020 წელს კონკურენციის სააგენტოს მიერ დასრულდა 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევის პროცესი, საიდანაც 1-ში დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, 2-ში კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, გაიცა 1 თანხმობა კომპანიების კონცენტრაციის შესახებ. ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 საქმეზე მოკვლევა და 3 ბაზრის მონიტორინგი.