LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის მტკიცებულებები, რომლითაც სარალიძის მკვლელობის საქმეში მ. კ.-ს თანამონაწილეობა დასტურდება – ოთარ კახიძე

111

“ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს ძალიან შთამბეჭდავი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში.

ოთარ კახიძე თბილისის ყოფილი პროკურორის და მისი ყოფილი მოადგილისგან დაინტერესდა, თუ რატომ არ წარედგინა მ.კ.-ს ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.

“არსებობს მ.კ.-ს მიერ 2 დეკემბერს მიცემული ჩვენება, სადაც ამბობს, რომ სარალიძეს ურტყამდა მუშტს. 3 დეკემბერსაც ამას ადასტურებს. 23 დეკემბერს ამბობს, რომ ის ეხმარებოდა დანით შეიარაღებულ გ.ჯ.-ს და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში დავით სარალიძეს. ამბობს, რომ დააფიქსირა დავით სარალიძის შენელების მომენტი და იმას, რომ სარალიძე ვეღარ აქტიურობდა. თქვენ ამ მომენტში გაქვთ მტკიცებულებათა სრული ერთობლიობა მ.კ.-ს მიმართ, რომ წაუყენოთ ბრალი როგორც მკვლელობაში თანამონაწილეს. როცა საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, დავალაგეთ მტკიცებულებები სხვადასხვა ფიგურანტების მიმართ და აღმოჩნდა, რომ არსებობს შთამბეჭდავი ერთობლიობა მტკიცებულებების, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მ.კ. ჩხუბის დაწყებიდან ჩხუბის ბოლომდე იმყოფება ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად. დადგენილი ფაქტია, რომ როცა მ.კ. იმყოფება ფარდულში, ამ დროს დავით სარალიძეს აყენებენ 12 ჭრილობას. დადგენილი ფაქტია მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, რომ მ.კ. არის პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან, ცდილობს მის დამორჩილებას და გამოქაჩვას, ამავე დროს მუშტებს ურტყამს მოკლულს. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ საქმეში. გ.ბ.-ს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გაქვთ და ბრალი წაუყენეთ და მ.კ.-ს რატომ არ წაუყენეთ ბრალი? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მ.კ.-ს დანით მკვლელობაში წაგეყენებინათ ბრალი, მე გეკითხებით, რატომ არ წაუყენეთ ბრალი თანამონაწილეობისთვის?“, – მიმართა ყოფილ პროკურორებს ოთარ კახიძემ.

პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალის წაყენებისთვის საჭირო მტკიცებულებები არ იყო.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. რეალურად ჩემს პოზიციას ვიცავ. ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს ჩემი პოზიციის დაცვა,” – მიმართა გაბოძემ ოთარ კახიძეს.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს და მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი გაბოძეს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები