7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში წელს პირველად მოხდა, რომ საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ.
მრევლისთვის პატრიარქის ეპისტოლე წირვის დროს უნდა გაეცნოთ, მაგრამ ასე არ მოხდა.
დაანონსდა, რომ ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდებოდა, თუმცა ჯერჯერობით არც ეს დაპირება შესრულებულა. წირვაზე მხოლოდ იოანე ოქროპირის წერილი წაიკითხეს.
რატომ ვერ მოისმინა მრევლმა ბოლო 44 წლის მანძილზე პირველად საშობაო ეპისტოლე – საკითხის გარკვევას “ფორტუნა” უშედეგოდ ცდილობდა საპატრიარქოში.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში მომხდარს 6 იანვარს გამოქვეყნებულ ეპისტოლეს უკავშირებს, რომელსაც ხელს 14 თეოლოგი და საეკლესიო ისტორიის ორი მკვლევარი აწერს.
წერილში წერია, რომ საქართველოს პატრიარქი გადაწყვეტილებებს იღებს კანონის გვერდის ავლით. ასევე აღნიშნულია, რომ ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის კანონის მიხედვით დაუშვებელია.
„გუშინ საღამოს დაახლოებთ ხუთი საათისთვის გამოვაქვეყნეთ ეპისტოლე, რომელსაც ხელს 20-მდე თეოლოგი ვაწერდით. ეპისტოლეში საუბარი იყო ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე, ზნეობრივ თემატიკაზე, ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევაზე, სხვადასხვა სკანდალებზე,მათ შორის მეუფე პეტრეზე, რომელიც უსამართლოდ დაისაჯა პროცედურულად. ვფიქრობ, ჩვენს ეპისტოლეში წარმოდგენილი საკითხები საპატრიარქოსთვის მძიმე და უხერხული აღმოჩნდა. მგონია, რომ არავითარი ტექნიკური ხარვეზი არ იქნებოდა იმის მიზეზი, რომ ეპისტოლე შეეყოვნებინათ. ეს არის მართლაც უპრეცენდენტო მოვლენა 44 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, შინაარსის კორექტირება ხდება და გამოქვეყნდება ალტერნატიული და სახეცვლილი ვარიანტი“,- ამბობს ჩვენთან საუბარში თეოლოგი.
ტიგინაშვილი განმარტავს, ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც იკითხება პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერა.
„ნებისმიერ შემთვევაში ჩვენ ხომ ვიცით და ვაცნობიერებთ, პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეპისტოლეს დაწერა გაუჭირდებოდა. ეპისტოლე დაწერილია, რა თქმა უნდა, მისი „სფიჩერების“, ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ, რომელიც სამდივნოშია წარმოდგენილი. რადგან ჩვენ ძალიან მწვავე ეპისტოლე გამოვაქვეყნეთ, დარწმუნებული ვარ, ახლა უფრო ვრცელ ეპისტოლეს წარმოგვიდგენენ, ვიდრე მანამდე ჰქონდათ დაწერილი. ეპისტოლე შორენა თეთრუაშვილის გარეშე რომ არ იწერება და რეზოლუცია ედება, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ამაზე არავინ დაობს“, – განმარტავს ტიგინაშვილი.
თეოლოგის თქმით, წარმოუდგენელია, იმ ვერსიის დაჯერება, რასაც სასულიერო პირები მომხდართან დაკავშირებით აჟღერებენ.
„სასულიერო პირები ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და ეპისტოლეს ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ გამოვაქვეყნებთო. გამოქვეყნების კოკრეტულ დროს არ ამბობენ. შესაძლოა ესმოხდეს ხვალ ან ზეგ, ან თუნდაც დღეს… არადამაჯერებელია, რა ტექნიკური ხარვეზი უნდა ყოფილიყო? პრინტერი გაუფჭდათ, ლეპტოპი თუ კომპიუტერის კლავიატურა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ასეთი შემთხვევა საპატრიარქოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა“- ამბობს ტიგინაშვილი.
შეგახსენებთ, საშობაო ლიტურგიას პანდემიის გამო არ დასწრებიან მთავრობის წარმომადგენლები. მრევლი ლოცვას პირბადეებით ისმენდა.
