აშშ-ს საელჩო მოსკოვში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთის ტერიტორია. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე ვრცელდება.
ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში და მათ, ვინც ცხოვრობს ან მოგზაურობს რუსეთში, რუსეთი დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე ატვირთული რეკომენდაციების მიხედვით დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
„რუსეთმა შეიძლება უარი თქვას ორმაგი მოქალაქეების, აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი თქვას მოქალაქეების აშშ-ს საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
საელჩო განცხადებით, „კომერციული ავიამიმოსვლის ვარიანტები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად მიუწვდომელია მოკლე დროში“.
„მანქანით და ავტობუსით სახმელეთო მარშრუტები კვლავ ღიაა. თუ გსურთ რუსეთიდან გამგზავრება, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ ზომები“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო რუსეთში.
ცნობისთვის,ბულგარეთმა და პოლონეთმაც მოუწოდეს მათ მოქალაქეებს, განიხილონ რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვების შესაძლებლობა და მოუწოდეს მათ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან.
ბულგარეთის საგარეო უწყება ურჩევს რუსეთში დარჩენილ ბულგარეთის მოქალაქეებს, განიხილონ რუსეთის ტერიტორიის რაც შეიძლება მალე დატოვების შესაძლებლობა, გამოიყენონ ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანალოგიური შინაარსის განცხადებაში ასევე წერია, რომ „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, მათ შორის, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელ გარემოებებში, ევაკუაცია შეიძლება, გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს“.