LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში საფერავის რიგით მესამე ფესტივალი გაიმართა

120
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში, საფერავის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ფინგერ ლეიკსის რეგიონში უკვე 60 წელია, ღვინის ადგილობრივ მწარმოებლებს მსოფლიოში ცნობილი საფერავისა და რქაწითელის ქართული ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული და შესაბამისად, ღვინოებსაც აწარმოებენ. 

ფესტივალზე მოწვეულნი იყვნენ „საფერიკას“ ღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის რვაათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ფესტივალს იმპორტიორების, დისტრიბუტორების და სომელიეების ჯგუფი დაესწრო, ხოლო კომპანიის ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერმა მერიონ ჰელუიმ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

შეგახსენებთ, ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანი, აშშ-ის მასშტაბით, ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაციაა. ფესტივალი „საფერიკაც“ პირველად 2022 წელს ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g