აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან. ეს განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე.
„მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მიეცეთ გადაადგილების უფლება, რათა მოემსახურონ საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
ალექსანდრე მოწერელიამ ასევე, ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულ მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილებას ეხება. რეგიონის რწმუნებულის განმარტებით, შესაბამისი ნებართვების გაცემას რეგიონული შტაბები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.
შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აკრძალვა 27 აპრილამდე არის დაწესებული. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაობისთვის გარკვეულ საათებში მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შეეძლებათ სამუშაო ადგილებზე მისვლისა და სახლში დაბრუნების მიზნით, საუბარია დილის ექვსი საათიდან რვა საათამდე, და საღამოს ექვსი საათიდან შვიდ საათამდე პერიოდებზე.