LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ფორუმი „მომავლისთვის შესაფერისი ქალაქები“ გაიმართა

118
12

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ბათუმში რეგიონული ურბანული ფორუმი გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ფორუმის მიზანია რთული მუნიციპალური საკითხები მწვანე, ინკლუზიური და გამძლე ქალაქების აშენებით მოგვარდეს.

ფორუმი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. მისი თქმით,  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ბათუმისთვის ბევრი სიკეთე მოაქვს, მათ შორის, განვითარების ახალი გზების აღმოჩენის მხრივ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც მიმართა:

„ვაფასებთ იმ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე აქვს და დარწმუნებული ვარ, ყველა ის ამოცანა განხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი, მშვიდობიანი, სტაბილური განვითარებისთვის.“ – აღნიშნა რიჟვაძემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების, კავშირებისა და მწვანე გადასვლის გუნდის ხელმძღვანელმა ჟერალდ ოდამ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ევროპულ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის და აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო რესურსების მობილიზებასა და რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებას.

ფორუმზე მოხსენებები წარადგინეს უმაღლესი რანგის გამომსვლელებმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ARUP, Creative Bureaucracy Festival, Centre for Public Impact, Demos Helsinki და CHÔRA. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის დელეგატები.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც  2017 წლიდან ხორციელდება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მერებისა და მათი გუნდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ქსელს 400-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები