უკრაინაში მიმდინარე ომში მებრძოლი ერთ-ერთი ქართველი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ქართველი მებრძოლი ნიკა ჭურაძე საზოგადოებას ბავშვობის მოგონებას უზიარებს და პარალელს დღევანდელ ვითარებასთან ავლებს:
„წითელი ყაყაჩო
მახსოვს ბავშვობაში ძმებს კითხვა გაგვიჩნდა, ამდენი ყაყაჩო რატომ ამოდის მინდვრებში? მამამ კი გვითხრა: ეს უბრალო ყაყაჩოები არ არიან. გაგვიკვირდა სამივეს, მერე კი გვითხრა, ამ ქვეყანას ბევრი ომი უწევდა და ყველა მიწა წმინდაა.
რატომ, აკურთხეს?
მერე დედამ დაამატა, კი არ აკურთხეს, დაცემული ჯარისკაცების სახელზე ამოდისო.
მას შემდეგ ყაყაჩოებს აღარ ვწყვეტდი და პატივისცემით ვუყურებდი. შეიძლება აღარც ახსოვთ ეს მომენტი ჩემს მშობლებს.
უკრაინაში რომ ჩამოვედი, გული ფრთხიალებდა, მაინც პირველად მიწევდა ფრონტის წინა ხაზზე გასვლა, რა იცი და რა გგონია ერთია, მაგრამ რეალობა კი მეორე. ერთ დღეს მანქანით მიმავალმა ყაყაჩოები დავინახე, სიხარულით ღიმილიც კი მომედო, გული მხოლოდ ერთზე მწყდება, ვაითუ ჩემი ყაყაჩო ჩემს მიწაზე არ გაიზარდოს“, – წერს ნიკა ჭურაძე სოციალურ ქსელში.
