26 მაისს, ლას-ვეგასში, American Music Awards გაიმართა. დაჯილდოებას, რომელიც ორ წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდა, ჯენიფერ ლოპესი გაუძღვა. ჯეი ლომ წამყვანის ამპლუა შოუზე, 2015 წლის შემდეგ, მეორედ მოირგო.
წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორად, ბილი აილიში იქცა. 23 წლის მომღერალმა წარდგენილ შვიდივე, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაციაში მოიგო. იმ ფონზე, როცა აილიში ამჟამად კონცერტებს ევროპის მასშტაბით მართავს, ამ მიზეზით ის ღონისძიებას ვერ დაესწრო, თუმცა აუდიტორიამ მისი სამადლობელი ვიდეომიმართვა იხილა.
,,წლის ახალ არტისტად”, 25 წლის გრეისი აბრამსი აღიარეს.
Die with a Smile ლედი გაგასა და ბრუნო მარსის შესრულებით, ,,წლის კოლაბორაციად”, სიმღერის კლიპი კი ,,რჩეულ მუსიკალურ ვიდეოდ” დასახელდა. არტისტებმა თითო-თითო ჯილდო ინდივიდუალურადაც მიიღეს, რითაც აილიშის შემდეგ ყველაზე მეტ, 3-3 ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ.
2-2 ჯილდო მიენიჭათ ბიონსეს, ემინემს, Post Malone-ს, Twenty One Pilots-ს, Bad Bunny-ის, the Weeknd-სა და SZA-ს.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე წარდგენილი და გამარჯვებული შემსრულებლების უმრავლესობა, საღამოზე არ იმყოფებოდა.
ცერემონიაზე ბენსონ ბუნის, გვენ სტეფანის, გლორია ესტეფანის, ჯენეტ ჯექსონის, როდ სტიუარტისა და სხვების პერფორმანსები შედგა. როგორც დაანონსებული იყო, ჯექსონსა და სტიუარტს სპეციალური პრემიები გადაეცათ.
ჯენეტ ჯექსონი American Music Awards-ზე სპეციალურ პრემიას მიიღებს
როდ სტიუარტს American Music Awards-ზე სპეციალურ პრემიას გადასცემენ
ცნობისთვის, ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” გამარჯვებულები საჯარო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდნენ. წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტი, კენდრიკ ლამარი იყო. რეპერს 10 ნომინაციის მიუხედავად, ჯილდო მხოლოდ ერთში მიენიჭა. ლუზერთა შორის აღმოჩნდნენ ტეილორ სვიფტი, საბრინა კარპენტერი, ჩაპელ როუნი და Shaboozey.
კენდრიკ ლამარი American Music Awards-ის ტოპ ნომინანტია – დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია
51-ე American Music Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.