ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს. ბოდბეში ჩავიდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.
ამასთან, საზეიმო ლიტურგიაზე დილიდან იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ბოდბეში მყოფ პოლიტიკოსებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
პირველ წირვას ახალ ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობდა. 2012 წელს კი დაუსრულებელ ეკლესიაში პირველად ნინოობის საზეიმო წირვა – ლოცვა აღევლინა. 2014 წლის დეკემბერში გადაიხურა გუმბათი და აღიმართა ჯვარი.
ფოტო: კახა კუპატაძე