ბრიტანულმა გუნდმა Gasolini-მ ულტრამსუბუქი და დაბალბიუჯეტიანი სპორტქარი შექმნა, რომლის აწყობა დაახლოებით 5 000 ფუნტი სტერლინგი ჯდება. პროექტის ავტორები ავტომობილის სრულ ნახაზებსა და აწყობის ინსტრუქციას ნებისმიერ მსურველს მხოლოდ 10 ფუნტად სთავაზობენ.
ერთადგილიან სპორტქარს სახურავი არ აქვს, ღია ბორბლები და თვალსაჩინო საკიდრის ელემენტები კი კლასიკური სარბოლო ავტომობილების სტილს უსვამს ხაზს. ავტომობილი სულ 415 კილოგრამს იწონის და აღჭურვილია Honda CBR 500R-ის ორცილინდრიანი, დაახლოებით 50 ცხენის ძალის ძრავით, რომელიც 6 საფეხურიან სეკვენციურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს. მაქსიმალური სიჩქარე ამჟამად 115 კმ/სთ-ით არის შეზღუდული, თუმცა შემქმნელების თქმით, ტექნიკურად მას უფრო სწრაფადაც შეუძლია მოძრაობა.
სპორტქარი აგებულია სივრცულ ჩარჩოზე, რომელიც ძირითადად კვადრატული ფოლადის მილებისგანაა დამზადებული. წინა და უკანა მხარეს გამოყენებულია ორმაგბერკეტიანი საკიდარი, ხოლო სხვადასხვა კომპონენტი ფართოდ გავრცელებული ავტომობილებიდანაა აღებული. მაგალითად, ბორბლების კვანძები Ford-ის, დისკები Ford Ka-ის, დიფერენციალი Ford Sierra-ის, ხოლო საჭის სვეტი Mazda MX-5-ის მოდიფიცირებული ნაწილია.
პროექტის მთავარი იდეა ხელმისაწვდომობაა – გარე პანელები ისეა დაპროექტებული, რომ მათი დამზადება მინიმალური აღჭურვილობის მქონე სახელოსნოშიც იყოს შესაძლებელი.
Gasolini უკვე მუშაობს ელექტრულ ვერსიაზეც. ის Hyper 9-ის ელექტროძრავითა და Jaguar E-Pace-ის ბატარეის ელემენტებით აღიჭურვება. მოსალოდნელია, რომ მისი სიმძლავრე 90 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი 200 ნიუტონმეტრი, ხოლო ერთი დამუხტვით სავალი მარაგი 320 კილომეტრზე მეტი იქნება. ელექტრული მოდელის წონა დაახლოებით 570 კილოგრამს მიაღწევს.