LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კუდავა: „დააშავა? გამოიძიე, დაიჭირე? მოექეცი ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ, შურისძიება მოგინდა? გაუძელი ცდუნებას, გასამართლება გსურს? დროზე გაასამართლე, როცა ყველაფერს პირიქით აკეთებ, როგორ დაგიჯერო?

617
BeFunky-collage (19)

ისტორიკოსი, პროფესორი, გამომცემელი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

კუდავა მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ პატიმრის უფლებები ისე უნდა დაიცვას, როგორც თავისი უფლებების დაცვა ენდომებოდა პატიმრობის პირობებში.

“დააშავა?

გამოიძიე. საუკეთესო იურისტები ჩართე. პატიოსანი, პროფესიონალი გამომძიებლები. მიუკერძოებელი პროკურორები. შეაგროვე წყალგაუვალი მტკიცებულებები. შეადგინე საქმე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი მოწინავე ქვეყნის სამართლის სტანდარტებს შეესაბამება.

გაგექცა?

სდიე ფეხდაფეხ. შეძარი მსოფლიო. წარუდგინე საქმის მასალები ყველა ქვეყანას, სადაც კი ჩადის, ცხოვრობს. ითხოვე ბრალდებულის გადმოცემა. აიკელი საელჩოები – აქაურები, იქაურები. ჩართე საერთაშორისო ორგანიზაციები. არ მოასვენო არავინ, ვინც ხელს აფარებს. გამუდმებით აკაკუნე და გზავნე საპროტესტო ნოტები. ეროვნული პრესტიჟის საქმედ გაიხადე მისი უცხოეთში დაკავება და საქართველოსთვის გადმოცემა.

დაიჭირე?

მოექეცი ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ (სახარებაში გიწერია). დაიცავი პატიმრის უფლებები ისე, როგორც შენი უფლებების დაცვა გენდომებოდა პატიმრობის პირობებში (უახლესი ისტორია გაჩვენებს, რომ შეიძლება ხვალ შენი ჯერი დადგეს). იხელმძღვანელე შენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

შურისძიება მოგინდა?

გაუძელი ცდუნებას.

აჩვენე შენი სიმაღლე და მორალური უპირატესობა. არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს არც ქვეყანას და არც პირადად შენ. დრო ოდესმე აუცილებლად მობრუნდება და ახლა უკვე ის იძიებს შურს შენზე. და ასე, დაუსრულებლად, გადავა შვილებსა და შვილიშვილებზე. ნურც შენ შეურაცხყოფ პატიმარს და ნურც სხვას მისცემ უფლებას, მით უფრო – კრიმინალებს (ჰო, პატიმრისადმი დამოკიდებულებაზეც წერია იმ წმინდა წიგნში).

ბოროტებას ებრძვი?

რითი, ბოროტებით? ჩართე რუსული პროპაგანდისტული არხები და ეცადე, მისი და შენი სიხარული ერთმანეთს არ დაემთხვეს. თუ ემთხვევა, მაშ, ცოტა უნდა იფიქრო. კრიმინალებსაც ყური უგდე. რა აზრის არიან მესამე პრეზიდენტზე? გულს იფხანენ თუ პირიქით, დარდობენ?

შიმშილობს?

ადამიანის უფლებაა. ნუ ქილიკობ და მიუდექი სერიოზულად. იმოქმედე კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. არც მორალი დაივიწყო. პროცესი წარმართე ღირსეულად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებელი ექსპერტების, უცხოელი ექიმებისა თუ პოლიტიკოსების ჩართულობით.

ჩვეულებრივი ადამიანია?

კი ბატონო, ადამიანი ჩვეულებრივია, მაგრამ საქმეა რეზონანსული. როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება, რა გასაკვირია, რომ ყველა ნიუანსს დააკვირდება საზოგადოება? სულ მინიმუმ, იმის უფლება უნდა ჰქონდეს, რისი უფლებაც სხვა არაერთისთვის მიგიცია.

გასამართლება გსურს?

დროზე გაასამართლე. წესით, წლებია, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყავი. რამდენიმე დღეშივე ჩანიშნე სხდომა. მოსამართლეთა საუკეთესო კოლეგია შეარჩიე. ბრალდებული სხდომებს დაასწარი. ფართოდ გააღე კარი. მოიწვიე მედია, დიპლომატიური კორპუსი, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. პირდაპირ ეთერში გადაეცი. ისტორიულ და პრეცედენტულ ამბად აქციე. ღიად და დაუფარავად წარმართე მთელი სასამართლო. დაუმტკიცე ბრალი. იქით მსოფლიოს გააგებინე, აქეთ – შენ ხალხს.
. . .
როცა ყველაფერს პირიქით აკეთებ, როგორ დაგიჯერო?

როგორ ვირწმუნო, რომ ობიექტურად გამოიძიე, მართლა დაჭერა გინდოდა, პატიმრის უფლებებს ზედმიწევნით იცავ და ღირსეული მართლმსაჯულება გსურს?

და რაც მთავარია, რა იმედი მქონდეს, რომ ეს ყოველივე ასე მარტივად ჩაივლის და ბუმერანგივით არ მოგვიბრუნდება?

მე, თქვენ, ჩვენ შვილებს, ჩვენ ქვეყანას?..”-წერს ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები