LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლე ახლა უფრო მეტ კომპლიმენტს მეუბნება, ვიდრე ახალგაზრდობაში. მოსწონს, რომ კოსმეტოლოგიური ჩარევების გარეშე ასე გამოვიყურები…“ – სად გაიპარება მეორე ნახევართან ერთად ირმა სოხაძე თავის 70 წლის იუბილეზე

108
ირმა-სოხაძე1

ირმა სოხაძეს 28 ნოემბერს 70 წელი შეუსრულდება, თუმცა მასთან მიმართებით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ცნობილი ფრაზა: „ასაკი მხოლოდ ციფრებია“. მისი შესანიშნავი გარეგნობა და ახალგაზრდული იერი კოსმეტოლოგიური ჩარევებისა და ინიექციების დამსახურება ნამდვილად არ არის… გარეგნობასთან დაკავშირებით ქუჩაში უცხო ადამიანებისგანაც იმსახურებს კომპლიმენტებს, მაგრამ მისი მთავარი კომპლიმენტების ავტორი მეუღლე, რეზო ასათიანია…

ირმა, მალე 70 წელი შეგისრულდებათ. მგონი, ასაკს დასცინით…

ირმა სოხაძე:

ძალიან სასაცილოა. ცალკე ვარ მე, ცალკეა – ის. რომ დავფიქრდები, შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილიც დამეჯერება და ჭკუაც მომეკითხება. აღარ ვარ პატარა გოგო. ძალიან მომწონს ეს სტატუსი.

გენეტიკა და კარგი ხასიათი განაპირობებს ამ ყველაფერს?

გენეტიკაც განაპირობებს. მამაჩემი 85 წლის ასაკში პატარა ბიჭივით იყო,ქცევები, ნაბიჯები, აზრები – ახალგაზრდა იყო თავისი მოცემულობით. ამ ასაკში ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი იყო და ბოლომდე ატარებდა ლექციებს. დედაჩემმა 90 წლამდე იცოცხლა… რაოდენობას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ 10 წელი ვიცხოვრებ თუ 15, მთავარია, კარგად ვიყო და სიცოცხლე მეხალისებოდეს. ამით მამას ვგავარ. ორივე ვართ მშვილდოსანი. მამა 25 ნოემბერს იყო დაბადებული, მე 28-ში ვარ. ხასიათითაც ვგავდით. ძალიან იოლად უყურებდა ცხოვრებას, მთავარია, კარგად და ერთად ვიყოთო, მეუბნებოდა… მეც ვეთანხმებოდი…

შვილიშვილებთან ურთიერთობაც ხომ არ გაახალგაზრდავებთ?

არ დავფიქრებულვარ, მაგრამ შეიძლება, ასეც არის. ახლა უკვე გაიზარდნენ, პატარა 10 წლისაა და ხშირად ფეხბურთს ვთამაშობთ სახლში, დიდი ფოიე მაქვს და იქ ნაჭრის ბურთით ვთამაშობთ. ამას წინათ დაუსვეს კითხვა, ირმასთან ერთად რა სიამოვნებს და უპასუხა, ფეხბურთის თამაშიო.

ამ ყველაფრის და ჩემი ხასიათის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ მსუბუქი ადამიანი ვარ და რაღაცებს არ განვიცდი, მაგრამ ნერვებს აღარ ვაშლევინებ, ჭკუით განვიცდი და ემოციამ რომ ამიყოლიოს, ამის საშუალებას ჩემს თავს არ ვაძლევ. ახალგაზრდობაში ვინმე თუ გაგაბრაზებს, ან მისი მოკვლა გინდა, ან საკუთარი თავის… (იღიმის). 40 წლისას მქონდა ლამის დეპრესია, რომ ცხოვრება დამთავრდა, რომ ვერაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა. ძალიან მეცოტავებოდა ის, რაც მანამდე მოვასწარი. 40-დან 50-მდე არის სერიოზული გადაფასების პერიოდი. არ ვიცი, ამას ფსიქოლოგები როგორ ალაგებენ, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით ასეა – 40 წელს შევხვდი შეშინებული, ორმოცდაათისამ უკვე ხელი ჩავიქნიე, ვთქვი, რომ არაფერი ცუდი არ არის, ყველაფერი შედარებითია. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერის გამო არ წავედი მოსკოვში, რეზო რომ აქ ყოფილიყო და მე იქ, ოჯახი დაინგრეოდა. არაფერი დამიშავდა ამით. საქართველოს მასშტაბით შეიძლებოდა მეტი, მეტი ხელშეწყობა რომ მქონოდა, მაგრამ არ ვწუწუნებ, არ ვდარდობ, არ ვნანობ, დღესაც კი, ქუჩაში რომ გავდივარ, ყველა მესალმება, მცნობს, თუ უცხოელი არ არის… ძალიან ბევრი, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, მაჩერებს, მოდიან, სელფებს იღებენ. ამაზე დიდი სიამოვნება რა არის? ამიტომ მე ვარ უაღრესად მადლობელი ჩემი ქვეყნის..

ბატონი რეზო როგორ ხვდება თქვენს 70 წლის იუბილეს?

სულ მეუბნებოდა, გადაიღე სურათები, დარჩება, რომ კოსმეტოლოგიური ჩარევებისა და ფოტოშოპის გარეშე კაი გოგო ხარო. ცოტა არ სჯერა. ამაზე ვხუმრობთ, რა თქმა უნდა. ახალგაზრდობაში არ მანებივრებდა კომპლიმენტებით. ახლა, ბოლო 10 წელია განსაკუთრებით, სულ აღნიშნავს და მამხნევებს. კარგი განწყობის საფუძველია, როცა მეუღლე ასე გელაპარაკება… ამ ბოლო დროს გადარეულია, ისე მოსწონს ჩემი გარეგნობა. სხვები რომ მეუბნებიან, უცხოები რომ აღნიშნავენ, გადაჭარბებულად, ეს ზოგჯერ უხერხულია, მაგრამ მეც არ მეგონა, რომ მეუღლის კომპლიმენტს ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ერთად ვბერდებით, მაგრამ ყოჩაღ, რომ ყველაფერს ასწრებ, ახერხებ და კარგად გამოიყურებიო. ასეთი სიტყვების შემდეგ, გინდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. ეს არის ცხოვრება ბოლო-ბოლო, მეტი რა არის, ერთმანეთს ხასიათი გამოუკეთო, განსაკუთრებით ასაკში. ის ვნება და გულის ფართხალი, რა თქმა უნდა, აღარ არის, რაც ურთიერთობიდან პირველ 10-15 წელს ახასიათებს. მის ნაცვლად რაღაც უნდა მოვიდეს, ხომ? თემები გვაქვს საერთო, ერთმანეთს ამხნევებთ და ა.შ.

ალბათ, ეს არის თქვენი ოჯახის სიმყარის მთავარი საიდუმლო?

ალბათ, ესეც არის ბევრ სხვა მიზეზთან ერთად. მეგობრობაც ეს არის, ცოლ-ქმრის ვალდებულებაც ეს არის, შვილების აღზრდა და გზაზე დაყენება, მაგრამ მერე, როცა მარტო რჩებით შენ და შენი მეუღლე, ზოგისთვის კოშმარია, ზოგისთვის არაფერი, უცხო ადამიანებივით ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ, ზოგისთვის კი – ნამდვილი დღესასწაული…

28-ში რას აპირებთ?

მე და რეზო ვიპარებით ქალაქიდან. ბორჯომის ხეობა ძალიან გვიყვარს და ლიკანში გავიპარებით ამჯერად. შვილიშვილები კი მოილტვოდნენ, მაგრამ დაგვანებეთ თავი-მეთქი. ვსეირნობთ, დავდივართ ბორჯომის პარკში… ძალიან გვიყვარს იქ ყოფნა…

დაბადების დღის და სხვა თარიღების პომპეზურად აღნიშვნა არ გიყვართ?

როგორ არა? ჩვენი ქორწინების 25 წელი გრანდიოზულად აღვნიშნეთ, წელს იყო ჩვენი ქორწინების 50 წლის იუბილე, ივლისში, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვუმასპინძლეთ. სასიამოვნო საღამო იყო, მაგრამ უფრო მასშტაბური გვინდოდა…

ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ 50 წლის იუბილეს აღვნიშნავდით. 25 წელი რანაირად გაუძლო მამაშენმა დედაშენსო, მათ ვერცხლის ქორწილზე მკითხა რეზომ და თავში ხელი შემოირტყა (იცინის), ჩვენ როგორ უნდა გავძლოთო, მაგრამ კი გავძელით და მგონი, არ უნანია.

70 წლის იუბილეზე რა გაქვთ საოცნებო?

საკუთარი თავი განყენებულად ვერ წარმომიდგენია. არ გამოდის, მხოლოდ მე ვიყო ბედნიერი, როცა ქვეყანას სტკივა. იუბილე გადავიხადო, როცა ამდენი ადამიანი ტირის და გაჭირვებაშია, არ მინდა. მსურს, ისეთი გარემო იყოს, ისე აშენდეს ქვეყანა, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ხომ ამბობენ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ქვეყანა დალაგდებაო… მე კი მინდა, რომ ქვეყანა ისე დალაგდეს, რომ ყველას ჩვენი საქმის კეთების საშუალება მოგვეცეს. მინდა იყოს სიმშვიდე, რომ გავმართო კონცერტი და დაგპატიჟოთ. მე ხომ ვაცნობიერებ, რომ ვარ 70-ის, მართლა ფორმაში ვარ, ცეკვაც შემიძლია, სირბილიც, უკეთ ვარ, ვიდრე ვიყავი 30 წლის წინ, თუ დამიჯერებთ და მინდა, ბევრი რამ მოვასწრო, რაც მომავლისთვის გადავდე, შეიძლება, წავიზარმაცე… სანამ კარგად სიმღერა და სცენაზე დგომა შემიძლია, მინდა, ამის საშუალება მქონდეს…

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g