LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის დიდი პატივია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა… სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა, როცა გავიგე, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ბრაზილიური მუსიკა და კარგად იცნობენ თანამედროვე ჰიტებს“ – ნინა ცაგარელი და ოსვალდო ბიატო-ჯუნიორი „არტ-FM“-ში

426
ნინა-ცაგარელი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს  მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელმა და ბრაზილიის ელჩი საქართველოში ოსვალდო ბიატო-ჯუნიორი სტუმრობდნენ, რომელთაც თბილისში დაგეგმილ კონცერტებზე, განსაკუთრებით ბრაზილიური მუსიკის საღამოზე ისაუბრეს.

(ნინა ცაგარელი) ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფესტივალის გეოგრაფიული არეალი, უკვე მეორე წელია კონცერტებს არა მხოლოდ ბორჯომში, არამედ ბათუმსა და თბილისშიც ვატარებთ. ერთ თვეში შვიდი კონცერტი, უამრავი მასტერკლასი, ვორქშოპი (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის) და ორი სამხატვრო გამოფენა მოვაწყვეთ. ბორჯომსა და ბათუმში უკვე დავასრულეთ გამოსვლები და ახლა თბილისური კონცერტებისთვის ვემზადებით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მაყურებლის შეფასება – ხანგრძლივი ოვაციები და ჩვენი სოლისტების ბისზე გამოძახება.

ფესტივალს საკუთარი ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ ჰყავს, რომლის პირველი ვიოლინო განუმეორებელი ლელა მჭედლიძეა. სწორედ საბაზო ორკესტრთან ერთად ჩატარდა სამი კონცერტი ბორჯომსა და ბათუმში, თბილისური კონცერტები კი, 15, 17, 18 და 20 სექტემბერს მოეწყობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა ექნება. პროგრამის შედგენაზე ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ იზრუნა, რომელიც მართალია, გერმანიაში მოღვაწეობს, მაგრამ ყოველთვის ინტენსიურად მონაწილეობს ფესტივალის ორგანიზებაში.

15 სექტემბერს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი წარდგება პუბლიკის წინაშე. ვენეცი, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის მთავარი დირიჟორი და იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველია, იტალიური სიმფონიური მუსიკის შედევრებს შესთავაზებს მუსიკის მოყვარულებს უნიჭიერეს კომპოზიტორსა და პიანისტთან სანდრო ნებიერიძესა და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელიც მეორე წელია ჩვენი პარტნიორია.

17 სექტემბერს ბრაზილიური მუსიკის, 18-ში – ჩეხეთის საელჩოს საღამო მოეწყობა, რადგან წლევანდელი წელი სწორედ ჩეხური მუსიკის წელიწადად გამოცხადდა, 20 სექტემბრეს კი, ბაროკოს ეპოქის მუსიკის ორი არაჩვეულებრივი სოლისტების მორის შტიგერისა და ანდრეს გაბეტას კონცერტით დაიხურება ფესტივალი.  

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროებს, თბილისის, ბათუმის და ბორჯომის მერიებს, ბრაზილიის, ჩეხეთისა და იტალიის საელჩოებს.

(ოსვალდო ბიატო-ჯუნიორი) ჩვენთვის დიდი პატივია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა. სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა, როცა გავიგე, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ბრაზილიური მუსიკა და კარგად იცნობენ თანამედროვე ჰიტებს, თუმცა არაფერი იციან მე-20 საუკუნის კლასიკურ მუსიკაზე, ამიტომ ორმაგად სასიხარულოა, რომ ფესტივალში ისეთი ცნობილი კომპოზიტორი მიიღებს მონაწილეობას, როგორიც ჰეიტორ ვილა-ლობოსია. გარდა ამისა, პუბლიკის წინაშე ფოლკლორული მუსიკის შემსრულებლები წარდგებიან, რომლებიც ავთენტურ ბრაზილიურ მუსიკას გააცნობენ ქართველ მელომანებს. ძალიან სასიამოვნო იყო კონცერტის პროგრამაზე მუშაობა, რადგან ჩემი მისია საქართველოში სრულდება და სწორედ „ღამის სერენადები“ იქნება ჩემთვის ბოლო კულტურული ღონისძიება. 

გული მწყდება, რომ საქართველოს დატოვება მიწევს, თუმცა თან მიმაქვს უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც კულტურის სფეროში შევიძინე. ძალიან შემიყვარდა თქვენი ქვეყანა, ყოველთვის მომენატრება და გავიხსენებ ნოსტალგიით, თუმცა საქართველოს საპატიო ელჩის სტატუსი უფლებას მაძლევს ყველგან და ყოველთვის ვისაუბრო საქართველოზე და გავუწიო რეკლამა ამ უმშვენიერეს ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g