რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გოჩა იაშაღაშვილი და ცირა ოქროპირიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ორი ახალი სიმღერის, „კაცი იყავ კაცური“ და „წვიმა მიყვარს“ პრემიერა შედგა.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?
გოჩა იაშაღაშვილი: ხელოვან ადამიანს ძალიან სჭირდება სულიერი სარჩო და ყოველთვის რაღაცას ეძებს, ამიტომ მე ყოველთვის ძიებაში ვარ ხოლმე, თუ რა შეიძლება, რომ წავიკითხო, რა შემავსებს და უცებ, ინტერნეტში ერთ ლექსს გადავაწყდი, რომელმაც კი არ ამავსო, გადამავსო. უბრალოდ ლექსი კი არ არის გარითმული და ლამაზი ისტორია კი არ არის, ფილოსოფიურად არის აღწერილი ცხოვრება. თავისთავად, უკვე შევიგრძენი, რომ ეს ჩემი იყო, ის იყო, რაც ჩემს სულს სჭირდებოდა. სოციალურ ქსელში დებდა ცირა თავის ლექსებს და ეს რომ წავიკითხე, დავინტერესდი, კიდევ თუ ჰქონდა სხვა ლექსებიც. რომ ვნახე, ერთმანეთზე უკეთესი ლექსები ჰქონდა. ვიძახდი, ღმერთო ჩემო, რა კარგია, რა ბედნიერი ვარ, ეს გოგო უნდა გავიცნო და დავუმეგობრდე-მეთქი. მართლაც გავიცანი და ახლა უკვე, ოჯახებით ვმეგობრობთ. ყველა სიმღერა, რომელიც მის ლექსებზეა შექმნილი, ერთმანეთზე უკეთესია.
ცირა ოქროპირიძე: გოჩამ რომ მომწერა, რაღაც ტექსტს ეძებდა და ისეთი მონდომებული იყო, რომ ვისაუბრეთ, იმხელა იმპულსი გადმომცა, რომ დავჯექი და 10-15 წუთში ლექსი დავწერე. ეს ლექსი იყო „თოვდა“. გავუგზავნე გოჩას და ვაიმე, რა კარგიაო მომწერა. ასე შეიქმნა ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარი.
გოჩა იაშაღაშვილი: გერმანელები ამ სიმღერას ქართულ „Besame mucho“-ს ეძახიან, ასეთი სტილიაო.
ვისაუბროთ დუეტზე, „კაცი იყავ კაცური“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ხვიჩა მაღლაკელიძე: ბოლო 10 წელია, კარგი გაგებით, მე და გოჩას ერთმანეთი გვჭირს, სიამის ტყუპებივით ვართ. ერთად ვმღერით და ვქმნით სიმღერებს. საოცარ სიმღერებს წერს გოჩა. ეს ბოლო სიმღერა ერთგვარი გაგრძელებაა ჩვენი სიმღერის „წუთისოფელი“.
გოჩა, ცირა, ახლა თქვენს ერთობლივ ნამუშევარზე „წვიმა მიყვარს“ მოგვიყევით.
გოჩა იაშაღაშვილი: გავაგრძელებ იმის მოყოლას, რომ ცირას პოეზიის ტყვე გავხდი. მე ხშირად არ ვქმნი სხვის ლექსებზე სიმღერებს, ჩემი სიმღერების 90 % ჩემს ლექსებზეა, მაგრამ ცირას ლექსები გულში შემოვიდა. ქართული ბლუზი ცოტა საფრთხილო თემაა, მაგრამ იმდენად კარგი გამოვიდა… მადლობა ცირას, რადგან მე აღარ მიწევს ტექსტებზე ფიქრი. ჩვენი ერთობლივი იმდენი კარგი სიმღერა შეიქმნა…
აღსანიშნავია, რომ მალე მოგიტანთ კიდევ ერთ ახალ ნამუშევარს. გავაკეთეთ ჩემი და ხვიჩას დუეტის „დედამიწა მრგვალია“ ახალი, როკ ვერსია. წარმოგიდგენიათ, მე რომ როკს ვმღერი?! ძალიან მკაცრი ტონით, ჩახლეჩილი ხმით ვმღერი და ჩემს ახლობლებს, არავის სჯერა, რომ მე ვარ.
გოჩა იაშაღაშვილი & ხვიჩა მაღლაკელიძე – კაცი იყავ კაცური
გოჩა იაშაღაშვილი – წვიმა მიყვარს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გოჩა იაშაღაშვილი და ცირა ოქროპირიძე. “პრემიერა თაკოსთან”