პოლონეთი-ლიეტუვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, მას 15 ერაყელი საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა.
უწყების ცნობით, ავტომობილს პოლონური სანომრე ნიშნები ჰქონდა და 27 წლის ქართველი მართავდა, ფოლკსვაგენში 15 ერაყელი იჯდა. ოფიცრებმა დაადგინეს, რომ უცხოელები არალეგალურად კვეთდნენ პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარს. „ერთადერთი საბუთი, რაც მათ თან ჰქონდათ, ლიეტუვის უცხოელთა ცენტრის მოწმობები იყო“ – განაცხადა პოდლასიეს სასაზღვრო დაცვის განყოფილების სპიკერმა, კატარინა ზდანოვიჩმა.
სასაზღვრო დაცვის ცნობით, ყველა ადამიანი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ერაყელები კი შესაბამისი პროცედურების შემდეგ ლიეტუვის მხარეს რეადმისიის ფარგლებში გადასცეს.
