დანიის ნაციონალურმა პარკმა საკუთარი ჩატ-ბოტი შექმნა. მისი მიზანი ტურისტებისთვის იმის სწავლებაა, რომ ველურ ბუნებას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ. სიახლის შესახებ Euro news წერს.
ბოტთან გასაუბრება სპეციალური QR-კოდის დასკანერებით შეიძლება. შესაბამისი სტიკერები პარკის 40-50 განსხვავებულ ადგილას იქნება განთავსებული.
დამთვალიერებლები შეძლებენ, რომ ბოტს ფლორასთან თუ ფაუნასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა დაუსვან. მაგალითად, მას შეუძლიათ სთხოვონ იმ ადგილის მითითება სადაც ამა თუ იმ ცხოველის შეხვედრის ალბათობა ყველაზე მაღალია. გარდა საინტერესო კითხვებისა, ბოტი რჩევებს გასცემს იმის შესახებაც თუ როგორ ჯობს ცხოველებთან და მცენარეებთან მოქცევა, რათა ისინი არ დაზიანდნენ.
გარდა ამისა, ჩატ-ბოტი ყველა ტურისტს ადგილობრივ „ქცევით კოდექსს“ გააცნობს. მაგალითად, ვიზიტორებს სთხოვენ რომ მხოლოდ სპეციალურ ბილიკებზე იარონ, ცხოველებისგან თავი შორს დაიჭირონ და ავტომობილი მხოლოდ სპეციალურ საპარკინგე ადგილებზე გააჩერონ.