დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
“20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.
“ვინაიდან, ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ”, – განაცხადა მაშინ თბილისის მერმა.