სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა. როგორც ნიკა გოგაშვილი აცხადებს, ოჯახი ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს სიმართლის დასამტკიცებლად.
მისივე განცხადებით, გამოკითხვა სავარაუდოდ, ორ ეპიზოდს შეეხება.
„პირველ რიგში, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ჩვენ ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ფურცლები დაიხარჯება წერით. სავარაუდოდ, იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენთან სახლში შემოვარდნასა და უკანონოდ ციხეში რომ შეგვიყვანეს. მე მინდა, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ 7 დღე რომ გამორთულია კამერები, ეს თურმე ხარვეზია, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ ციხეში რომ ეგეთი სიტუაციაა, რა ხდება სხვა ციხეებში“, – თქვა ნიკა გოგაშვილმა.
პარალელურად, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გოგაშვილს ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირებით კითხავენ.