საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას აღნიშნულ გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა“.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ცრუ ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველია.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაჟნების კონტეინერით, როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია – მაღალი ალბათობით სხვა ქვეყნის დახმარებით. რა ძნელად წარმოსადგენია, რომ ასე ჩუმად გადმოეკვეთა ის ქვეყანა სააკაშვილს და ასე ჩუმად შემოპარულიყო საქართველოში თუკი იმ ქვეყნიდან ცალკეული ნება არ იქნებოდა. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მისი კვეთის ლეგალურობა, ანუ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და სასამართლომ ამის სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა. შესაბამისად, ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ცრუ ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველია. აქ ჩვეულებრივ დანაშაულს აქვს ადგილი. ამ საკითხს კიდევ რა მიზნები ჰქონდა – რატომ შემოიპარა არჩევნების დროს და რა მიზნით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქ „გლობალური ძალების” ხელი ურევია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო, არალეგალურად შეცვლილიყო ხელისუფლება, ზემოქმედება მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე და შემდგომ ჩაერთოთ იმ გლობალურ პროცესებში, რაც უკრაინაში ომის დაწყებით გამოიხატა. საქართველოს ის როლი უნდა შეესრულებინა, რაც გლობალური ომის პარტიას სურდა – ჩართულიყო ომში”, – განაცხადა მათიკაშვილმა.