თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენდნენ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა კითხვით, რატომ არ უერთდება საქართველო “ლენდ ლიზის“ პროგრამას, რომელიც ელისაშვილის თქმითვე, ისტორიული შესაძლებლობაა.
“რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?
ძალიან იშვიათად ხდება – ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, – მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძეს ელისაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, გასაძლიერებელია მოხალისეთა კომპონენტი – თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული გვარდია ტერიტორიული თავდაცვის ძალების მომზადებას ძალიან ენერგიულად უნდა ახორციელებდეს.
“იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს მოხდა, რაც ყარაბაღში მოხდა და რაც უკრაინაში მოხდა, შარშან რომ რეზერვში 800 კაცი მოვამზადეთ, ეს კატასტროფაა. ყველას პატივი, ვინც წვრთნა გაიარა, მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტად არის ძალისხმევა გასაზრდელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
