LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური ფოტო: ოთო ნემსაძის ახალი როკ ენ როლური კლიპის პრეზენტაციას ცნობილი სახეები დაესწრნენ: „იმას ვაკეთებ, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი… თავისუფალი და თამამი ვარ…“

1425
ოთო ნემსაძე

15 ივნისს, „კავეა სითი მოლში“ მომღერალმა ოთო ნემსაძემ და მისმა ჯგუფმა „ლიმბო“ ახალი კლიპის პრეზენტაციაზე გვიმასპინძლეს. „ჩვენ ვქმნით ქართულ როკ ენ როლს“ – აღნიშნა მომღერალმა დიდი სიამაყით და დასძინა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მისი მუსიკალური გზა სრულიად თავისუფალია სხვათა კარნახისგან, ანუ სწორედ დღესდღეობით აკეთებს იმას, რაც ყველაზე ძალიან უყვარს.

საავტორო მუსიკალური ნამუშევარი სახელწოდებით „მკიდია“ ხარისხიანი კლიპით გაფორმდა, რომლის პროდიუსერიც მარიამ ლორთქიფანიძეა, სცენარისტი – სანდრო ლორთქიფანიძე, რეჟისორი – მახო ყიფიანი, კოსტიუმების მხატვარი – ნინა ჭინჭარაული, ხოლო ვიზაჟის მიმართულებაზე ფოფა ზურებიანმა იმუშავა. კლიპში „ლიმბოს“ წევრებთან ერთად თამაშობს პოპულარული მსახიობი ნანკა გვარი.

„იუთუბზე“ კლიპის პრემიერა უკვე მალე, რამდენიმე საათში შედგება.

ვიდეორგოლი ოთომ შეკრებილ საზოგადოებას ორჯერ ანახა და დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა, როგორც მოგვიანებით, ჩვენ მიერ ჩაწერილი კომენტარებიდან გაირკვა, სრულიად დამსახურებული და რაც მთავარია, გულწრფელი. გვაჩვენეს ასევე კლიპის გადაღების კადრებიც და მუშაობის პროცესიც, რაც დამსწრე სტუმრებისთვის ასევე საინტერესო სანახავი აღმოჩნდა.

ვერიკო ტურაშვილი:

„მართლა გადარეული ვარ. არ ველოდებოდი. სასწაული ხარისხია, კინოში მეგონა თავი და მეგონა, ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთს ვუყურებდი. ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ოთოს ჟანრი. ქართული როკ ენ როლი ძალიან საინტერესოდ ჟღერს. ხომ არის შემთხვევები, როცა კლიპის პრეზენტაციებზე ვართ და ვულოცავთ ხოლმე ახალ ნამუშევარს, მაგრამ ეს არ არის ისეთი გულწრფელი მილოცვა, როგორიც ამჯერად იქნება – ოთო, გილოცავ ამ ნამუშევარს!..

სალომე ბაკურაძე:

რომ არ მქონოდა წინასწარ კლიპიდან კადრები ნანახი და პირდაპირ აქ მენახა, მოულოდნელობისგან არ ვიცი, რა იქნებოდა… ოთო ჩემი ახლო მეგობარია და არ დაუშვებდა იმას, რომ ერთიანად მენახა მოულოდნელად (იღიმის). ყველა კომპონენტი, რაც ვიდეოს უნდა ჰქონდეს, არის… ასე როდის მოვიხიბლე ბოლოს ქართული კლიპით, აღარ მახსოვს. ოთომ ამდენი „სიარულის“ შემდეგ მიაგნო იმ ჟანრს, რაც ყველაზე მეტად უხდება და რაც მთავარია, მას ემღერება. ვიდეოს გამოსახულება, შერჩეული გმირები, ჟღერადობა – ყველაფერი სუპერია. მისთვის რთულია ასე დაწყება, რადგან ამის შემდეგ სულ ზემოთ და ზემოთ უნდა წავიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან მას მოეთხოვება…

გია ნიკოლაძე:

კლიპი ძალიან მაგრად მომეწონა. რა კარგია, რომ კიდევ ხდება ასეთი რამეები ჩვენთან და ხელოვნება ვითარდება. ოთარი არის ჩემი მაგარი ძმა და უსაყვარლესი მუსიკოსი. ყველაფერს იხდენს. დიდი გულითა და იმედებით ვულოცავ დღევანდელ დღეს. მაგარი ნამუშევარია…

ღონისძიების მთავარმა გმირმა, მეუღლესთან, სოფო მეძმარიაშვილთან ერთად, კლიპის ჩვენების შემდეგ, დიდი ტორტიც გაჭრა, რომელსაც სიმღერის სახელწოდება ეწერა, შემდეგ კი ემოციები fortuna.ge-ს გაუზიარა.

ოთო ნემსაძე:

ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ თავისუფლები ვართ მეც და ჩემი ბიჭებიც. იმ მუსიკას ვაკეთებ, რაზეც მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი. ამ ახალი სინგლითა და კლიპით, მგონია, ჩემს ცხოვრებაში ახალ სიტყვას ვამბობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თამამი ვარ, თავისუფალი ვარ, ვიცი, რაც უნდა ვაკეთო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს წარმატება მოჰყვება…

ფოტო: დათუნა აგასი

✨ ოთო ნემსაძის ახალი როკ ენ როლური კლიპის პრეზენტაციას ცნობილი სახეები დაესწრნენ: „იმას ვაკეთებ, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი… თავისუფალი და თამამი ვარ…“ 👉 ვრცლად იხილეთ კომენტარში ⬇️

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, June 16, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g