საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სუბირ ლალის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს.
როგორც სუბირ ლალიმ განაცხადა, მიმდინარე წელს საქართველოში 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაშიც თავის წვლილს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები შეიტანს, ინფლაციის მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, 4%-ს მიაღწევს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს პროდუქტიული შეხვედრებისა და განხილვებისთვის. მისი განცხადებით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ნათია თურნავამ ასევე შეაფასა არსებული გეოპოლიტიკური რისკები და გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარების არაპროგნოზირებადობა. გამოწვევებზე საუბრისას მან მაღალ დედოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობასაც. მისი თქმით, მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორმა სრულად აღიდგინა პანდემიისას გამოყენებული ბუფერები და სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.