26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაციას იწყებს. სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო – 1500-იანი, ვერცხლი – 10 000-იანი ტირაჟით) ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა.
მონეტების დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინერი – ბაჩო ლაგვილავა), ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა.
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი.
ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2200 ლარი.
ვერცხლის და ოქროს მონეტები შემდეგი პირობებით გაიყიდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან:
- ელექტრონული პლატფორმის – tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში (26 და 27 მარტს);
- საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:
- ელექტრონული პლატფორმის – tkt.ge მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, იმავე დღის ბოლომდე;
- საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია, საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტის შეძენა შეეძლება. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.