LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად შევძლებთ გავფრინდეთ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში“ – ნიკოლოზ რაჭველი მუსიკალური ავიარეისის ასაფრენად გეპატიჟებათ

124
რაჭველიი

22 მაისის მუსიკალური ავიარეისი ასაფრენად ემზადება! თბილისის საკონცერტო დარბაზში შედგება რამდენიმე თაობის შემსრულებელთა კოლაბორაცია, ერთ სცენაზე განსხვავებული მუსიკალური ჟანრებისა და ვიზუალური კონცეფციის სინთეზით, ელექტონული მუსიკითა და სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობით.

მგზავრები არიან: მარიამ ჯანჯღავა (Janngo), ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი, ნიკალა მარგველაშვილი, ლევან დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი & ნიკოლოზ რაჭველი. სპეციალური სტუმარი – გიორგი ცაგარელი.

აღნიშნული საღამოს შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და დეტალურად წერს მიზეზებს, რატომ უნდა დაესწროთ ამ კონცერტს.

„სულ ცოტა დრო რჩება ჩემი უძვირფასესი ჯანგოს, ნინის და გიგაშას კონცერტამდე, კვირას (22.05.2022, 20 სთ) ფილარმონიაში მართლაც საოცარი საღამო გამოდის. ისე, რაა გასაკვირი, ეს საოცარი სამეული და მათი თანამოაზრე თანატოლები თავს ერთად რომ მოიყრიან გამორიცხულია არ შედგეს კარგი მუსიკის, მაღალი გემოვნების და დიდი ნიჭიერების დღესასწაული…

რამდენიმე წელია, რაც მეტეორივით შემოიჭრნენ ჩემ ცხოვრებაში და ასევე ქართველ (და არამხოლოდ) მსმენელთა გულებში, პანდემიის ჟამს თითქმის სულ ერთად ვიყავით, მთავარი შეკრების პუნქტი ჩემი სამზარეულო იყო, სადაც ხან ვმუშაობდით, ხან ვაგემოვნებდით, ხან ვლაქლაქებდით და ერთმანეთს საკუთარ სევდასა თუ სიხარულს ვუზიარებდით. მერე მარიამი ბოსტონს დაუბრუნდა, სადაც ლეგენდარულ ბერკლიში სწავლობს, ნინი ბერლინში გადაბარგდა ასევე უმაგრეს სასწავლებელში, ხოლო გიორგი, რომელიც ფენომენალური პიანისტი და მარტა არგერიხის მუსიკალური “ქრაშია” ჟენევაში გაემგზავრა და ევროპიდან შეუდგა დიდ საშემსრულებლო კარიერაში აქტიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა თავისი მრავალპროფილური ნიჭის და მეგობრების გამო “არაკლასიკურ” მუსიკას ვერ შეელია და ამჯერად ის გიორგი გამოვა სცენაზე “გიგაშას” რომ უფრო იხდენს.

ჰოდა რა მოხდება კვირას ფილარმონიაში?

ჩემი უძვირფასესი სამი უმცროსი მეგობარი და მათთან ერთად უნიჭიერესი, კრეატიულობის სიმბოლო ნიკალა ზუბიაშვილი, ჩვენი ლევან დეისაძე (Bass) და ნიკა მარგველაშვილი (Drum) და საკმაოდ დიდი შემადგენლობის სიმფონიური ორკესტრი შევასრულებთ ნინოს, ჯანგოს და გიგაშას მუსიკას, იმ სიმღერებს, ასიათასობით ნახვები და მოსმენები რომ აქვს ინტერნეტ პლატფორმებზე. პირველად აჟღერდება მათი ერთობლივი ახალი ალბომიც, ისევე როგორც ძველი ქართული ნაცნობი მელოდიები მათი ორიგინალური ვერსიებით და ინტერპრეტაციით…
ცხადია სცენაზე გვიერთდება ჩვენი სამეგობროს გული და სული გიორგი ცაგარელი, რომლის დიდი დამსახურებაა ჩვენი სიახლოვე და ურთიერთ-კოლაბორაცია.

და ეს ყველაფერი რათქმაუნდა მისი აღმატებულება თეონა ჯორბენაძის დრამატურგიულ-ვიზუალური კონცეფციით, იმ თეონა ჯორბენაძის ჯერ “იავნანა” რომ გახადა მსოფლიოში სამაგალითო საქველმოქმედო ღონისძიებების სამჭედლოდ, მერე ხელოვანთა კავშირი “კონცეპტარტი” რომ დააარსა და უანგაროდ ქომაგობს ახალგაზრდა ქართველ არტისტებს, ხოლო კინომუსიკის ჩემი ცნობილი კონცერტი ჯერ რომ დაინახა, წარმოიდგინა, შემდეგ დადგა და ჩვენს რეალობაში ნამდვილ ბესთსელერად აქცია!

ისეთი დროში გვიწევს ცხოვრება, გამუდმებით რომ ვეძებთ “საფრენ ბილიკებს” და ახლა ერთად შევძლებთ გავფრინდეთ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, მუსიკის, რომელიც გააერთიანებს კლასიკურ, ელექტრონულ, ჯაზურ და “პოპ” ჟღერადობას.

ConceptArt • კონცეპტArt-თან ერთად მძლავრი შემოქმედებითი გუნდი მუშაობს კონცერტის მომზადების პროცესში და მაქვს შეგრძნება რაღაც ახლის და კარგის დაბადების, ეს შეგრძნება მხოლოდ განსაკუთრებული პრემიერების წინ მიჩნდება ხოლმე და როგორც წესი არასდროს გავწბილებულვარ.

მგონი საკმაოდ ცოტა ბილეთია დარჩენილი და ვისაც დასწრება ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მთელი გულით გირჩევთ, მაგრამ ერთი პირობით: უნდა გიყვარდეთ სიახლე, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის სინთეზი და რაც ყველაზე მთავარია უნდა იყოთ ახალი თაობის გულშემატკივრები, თაობის რომელმაც უკვე მოიტანა თავისი საკუთარი სიტყვა, რაც ყველაზე მთავარი პროცესია ხელოვნებაში!“ – წერს რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები