Ferrari-მ მენეჯმენტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაადასტურა. კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ენრიკო გალიერამ თანამდებობა დატოვა, ხოლო მის ადგილს BMW-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი მასიმილიანო დი სილვესტრე დაიკავებს.
კომპანიის ოფიციალური განცხადებით, გალიერასა და Ferrari-ს შორის წასვლის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შედგა. მიუხედავად ამისა, მას სთხოვეს, თანამდებობაზე დარჩენილიყო, რათა Ferrari-ის პირველი სრულად ელექტრული მოდელის – Luce-ს ბაზარზე წარდგენაში მიეღო მონაწილეობა. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, უკავშირდება თუ არა მისი წასვლა Luce-ს არაერთგვაროვან შეფასებებს.
ენრიკო გალიერა Ferrari-ში დაახლოებით 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიის ინფორმაციით, მან კარიერის ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა მისი მომავალი სამუშაო ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
Ferrari-ის ახალი მარკეტინგის დირექტორი მასიმილიანო დი სილვესტრე 1 ივლისიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას. მანამდე ის BMW-ის იტალიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მდიდრული ავტომობილების სექტორში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ახალ პოზიციაზე ის უშუალოდ Ferrari-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბენედეტო ვინიას დაექვემდებარება.