იტალიური სუპერქარების მწარმოებელი Ferrari თანამშრომლებს რეკორდული ოდენობის ბონუსებით დააჯილდოებს. გადაწყვეტილება კომპანიის ფინანსური შედეგების ფონზე მიიღეს, 2025 წელი ბრენდისთვის კიდევ ერთ წარმატებულ ეტაპად იქცა.
გასული წლის მონაცემებით, Ferrari-ის შემოსავალი 7 პროცენტით გაიზარდა და 7,1 მილიარდ ევროს მიაღწია. ოპერაციულმა მოგებამ 2,1 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12 პროცენტით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები ოდნავ შემცირდა და 2025 წელს კომპანიამ 13 640 ავტომობილი გაყიდა (112 ერთეულით ნაკლები 2024 წელთან შედარებით), მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
წარმატების აღსანიშნავად თანამშრომლები 18 000 დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა დაახლოებით ახალი ავტომობილის – მაგალითად, Fiat Grande Panda-ს ფასს უტოლდება. Ferrari-ში ამჟამად დაახლოებით 5 000 ადამიანი მუშაობს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენედეტო ვინიამ განაცხადა, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილი ყველა ავტომობილი უკვე გაყიდულია, ხოლო 2027 წლის შეკვეთების სია თითქმის სრულად შევსებულია. 2030 წლამდე Ferrari ბაზარზე მინიმუმ 20 ახალ მოდელს გამოუშვებს.
სტრატეგიის მიხედვით, ათწლეულის ბოლოსთვის წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 80 პროცენტი კვლავ შიდა წვის ძრავებით იქნება აღჭურვილი, თუმცა სხვადასხვა დონის ჰიბრიდული სისტემებით. სრულად ელექტრომობილები წარმოების დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენენ.

Ferrari-ის პირველი სრულად ბატარეაზე მომუშავე სუპერქარი იქნება Ferrari Luce, რომლის ინტერიერიც უკვე გასაჯაროვდა. ოთხ ძრავიანი სიახლის სრული პრემიერა მაისშია დაგეგმილი. კომპანია ასევე გეგმავს ათწლეულის ბოლომდე კიდევ ერთი ელექტრომობილის წარდგენას.
