LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat-ის ავტომობილები Amazon-ზე გაიყიდება

83

კონცერნი Fiat Chrysler Automobiles-ი ავტომობილებს ინტერნეტით გაყიდის. კომპანიამ უმსხვილეს ონლაინ გაყიდვის სერვისთან, Amazon-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იტალიის მაცხოვრებლები Fiat-ის რამდენიმე მოდელს სახლიდან გაუსვლელად შეიძენენ.

თავდაპირველად ონლაინ გაყიდვები ხელმისაწვდომი მხოლოდ იტალიელებისთვის იქნება და არჩევანი სამ მოდელამდეა შეზღუდული, ესენია: Fiat 500, Fiat Panda და კომპაქტვენი Fiat 500L.

Fiat Chrysler Automobiles-ში გადაწყვეტილების განმარტებისას, ამბობენ, რომ Fiat Panda იტალიაში გაყიდვების მიხედვით პირველ ადგილზეა, Fiat 500 და Fiat 500L კი ახალგაზრდა აუდიტორიისკენ არის მიმართული, რომელსაც სავარაუდოდ ეს იდეა მოეწონება.

”დადგა დრო ავტომობილის არჩევისას მომხმარებელს ახალი, უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საშუალება მივცეთ”, – განაცხადა კომპანიის იტალიური განყოფილების ხელმძღვანელმა.

Fiat Chrysler Automobiles-ის ტოპ მენეჯრემა კი მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ იტალიელების ნახევარს სურს ავტომობილი ინტერნეტით იყიდოს, თუმცა გამოკითხულთა 97% ამ დროს უშუალოდ სადილერო ცენტრს ანიჭებს უპირატესობას.

Amazon-ით ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, კლიენტებს შეუძლიათ შენაძენის მიღებისას მათთვის სასურველი ავტოცენტრი მიუთითონ. თუ როდის ამოქმედდება ინტერნეტ-გაყიდვა, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები