LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპატაჟური იმიჯის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში ფრედი მერკური საოცრად მორცხვი და მორიდებული იყო – პორტრეტი დეტალებში

272
ფრედი მერკური

ეპატაჟური იმიჯის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში  ფრედი მერკური საოცრად მორცხვი და მორიდებული იყო, ჟურნალისტებთან ურთიერთობას და ხმაურიან წვეულებებს კი, ყოველთვის საკუთარი კატების საზოგადოებაში მშვიდად დასვენება ერჩია.

ფარუხ ბულსარა 1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ზანზიბარში. მისი მშობლები ირანული წარმოშობის ეთნიკურ ჯგუფს – პარსებს მიეკუთვნებოდნენ და ზოროასტრიზმის მიმდევრებად ითვლებოდნენ. მუსიკოსმა 1970 წელს შეიცვალა სახელი, ოფიციალურად გახდა ფრედერიკ მერკური და ძალიან ღიზიანდებოდა, როცა ძველი – ფარუხის სახელით მიმართავდნენ, რაც გუჯარატთა ენაზე „მშვენიერს“ ან „ბედნიერს“ ნიშნავს.

1947 წელს ერთი წლის ფარუხის ფოტომ კონკურსში გაიმარჯვა და წლის ფოტოს სტატუსი მოიპოვა. 12 წლის მერკურიმ კი, მეგობრებთან ერთად პირველი ჯგუფი შექმნა, რომელსაც The Hectics ანუ „შეშლილები“ უწოდა და ცნობილი ჰიტების ქავერ-ვერსიების შესრულებით სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

ლონდონში, ილინგის პრესტიჟული კოლეჯის დასრულების და დიზაინერის პროფესიის შეძენის შემდეგ, მერკურიმ თვითონ მოიფიქრა Queen-ის ემბლემა. ცენტრში ასო Q მოათავსა, გარშემო კი, ჯგუფის წევრების ჰოროსკოპის ნიშნები დაიტანა.

მუსიკოსმა საძინებელში მოათავსა როიალი, რათა დროის დაკარგვის გარეშე, ნებისმიერ მომენტში, თუნდაც გვიან ღამით გაღვიძებულს დაეწერა ახალი კომპოზიცია.

მერკურის 7-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა მერი ოსტინთან. მართალია, 1976 წელს მუსიკოსმა ოფიციალურად აღიარა საკუთარი ბისექსუალურობა, მაგრამ მეგობრობა ოსტინთან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მეტიც, სწორედ მას უანდერძა ქონების დიდი ნაწილი და სახლი ლონდონში.

გასტროლებზე მყოფი მერკური სისტემატიურად რეკავდა სახლში და საათობით ესაუბრებოდა საყვარელ კატას, რომელსაც სიმღერა Delilah მიუძღვნა ბოლო ალბომიდან Innuendo.

ყველაზე წარმატებულ კომპოზიციად მერკური Somebody To Love-ს, საუკეთესო ალბომად კი, The Game-ს მიიჩნევდა, რომელიც 1980 წელს გამოვიდა და სხვებთან ერთად კომპოზიციები Play the Game, Another One Bites the Dust და Crazy Little Thing Called Love გააერთიანა. სხვათა შორის, Crazy Little Thing Called Love მუსიკოსმა ცხელი აბაზანის მიღებისას დაწერა და ნახევარ საათში ჩაწერა სტუდიაში. ამასთანავე კომპოზიცია ერთადერთი ნამუშევარი გახდა, რომლის შესრულებისას მერკურიმ გიტარაზე დაკვრა გაბედა.

მუსიკოსის საყვარელი ფერი ყვითელი იყო. სწორედ ამიტომ შეიძინა ვარდის ერთ-ერთმა – ყვითელმა სახეობამ მისი სახელი.

ერთ-ერთი კონცერტის წინ მერკურიმ პარტნიორთან ბილი რეიდთან იჩხუბა, რომელსაც ისე უკბინა, რომ სულ სისხლი ადინა. წყვილი მუდმივად საქმეს არჩევდა, როგორც ამბობენ, მორიგი სკანდალის დროს ორივე ისე დიდხანს და მთელი ხმით ყვიროდა, რომ მეორე დღეს მერკურიმ ხმა დაკარგა და მხოლოდ მედიკოსთა მონდომებით დაიბრუნა, რათა საღამოს პოპულარულ ტელეშოუში Saturday Night Live სრულად წარმოედგინა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობები. შეერთებულ შტატებში გასტროლებზე მყოფმა კი, როცა მორიგი პარტნიორს ტონი ბასტინს ღალატის შესახებ შეიტყო, ამერიკაში ჩასვლა აიძულა, პირისპირ შეხვედრისას განუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა და რამდენიმე საათში ისევ უკან დააბრუნა.

 

ჯგუფის საუკეთესო ჰიტების ნაკრები, რომელიც 1981 წლის ოქტომბერში გამოვიდა, დღმდე ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება ბრიტანეთში. ამავე წელს, სან-პაულოში გამართული კონცერტი კი, ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მსმენელის წყალობით შევიდა.

 

კლასიკური მუსიკალური განათლების მიუხედავად, მერკურიმ არაერთხელ აღიარა, რომ პრაქტიკულად ვერ სცნობდა ნოტებს.

 

მუსიკოსი ჯიუტად უარყოფდა გავრცელებულ ხმებს საკუთარ ავადმყოფობაზე და მხოლოდ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე აღიარა, რომ მართლაც შიდსით იყო დაავადებული. მერკურის ერთგვარ გამოსამშვიდობებელ სიმღერად Mother Love იქცა, რომლის ბოლომდე ჩაწერა დამძიმებული ჯანმრთელობის გამო გაუჭირდა, ამიტომ ბოლო ნაწილი მის ნაცვლად ბრაიან მეიმ ჩაწერა.

 

1996 წლის 25 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ მონტრიეში ფრედი მერკურის სტატუა გაიხსნა, ლონდონელებმა კი, 2003 წლის 18 ივნისს დაუდგეს მუსიკოსს ძეგლი Dominion Theatre-თან, სადაც დღემდე წარმატებით იდგმება მიუზიკლი We Will Rock You.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები