„როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გავალ გარეთ და ვინც კი შემხვდება ყველას ჩავეხუტები“ - ანდრია გველესიანი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის ონლაინ სტუმარები არიან ანდრია გველესიანი და მისი მეუღლე მაია ვაწაძე. წყვილმა ნიაზ დიასამიძის სიმღერა „დრო“ შემოგვთავაზა.

როგორ ატარებთ თვითიზოლაციის პერიოდს?

ანდრია: ჯერ კიდევ გადაგვაქვს თვითზიოლაციის პერიოდი და იმედია, ცოტა დაგვრჩა. ვცდილობდით, ხალიასიანად გაგვეტარებინა ეს პერიოდი. ასეთი რამ მე და მაიკოს სულ გვინდოდა, სახლში დიდ დროს ვერასდროს ვატარებდით, შესაბამისად, „ვიკაიფეთ“ ამ სიტუაციით. აღმოვჩნდით სახლში, აღმოგვაჩნდა უამრავი დრო იმისათვის, რომ ბევრი წაგვეკითხა, ბევრი სერიალისთვის გვეყურებინა, კარგად, შედეგიანად გვევარჯიშა და რაციონალურად გვეკვება. მოკლედ, ბევრი რამ მოვიფიქრეთ, რამაც გაამართლა.

მაიკო: ისღა დაგვრჩენია, ხალისიანად გავატაროთ ეს პერიოდი, თორემ შეიძლება გაგიჟდეთ ამდენი სახლში ყოფნით.

უკეთ გაიცანი ალბათ მაიკო თვითიზოლაციის პერიოდში

მე და მაიკო უკვე 7 წელია ერთად ვართ, მანამდე კი 3 წელი ვმეგობრობდით, ასე რომ ერთმანეთს ისედაც კარგად ვიცნობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი ვინმეს კარგად ვიცნობ, ეს არის მაიკო. ალბათ ჩვენი სიყვარულის საიდუმლოც სწორედ მეგობრობაა.

ანდრია გველესიანი, მაია ვაწაძე და გიორგი ცხადაძე, სალომე ლემონჯავა სტუმრად ,,ვიზიტორი"

Posted by Radio Fortuna Plus 103,5 Fm / FortunaPlus.ge on პარასკევი, 08 მაისი, 2020

 

მაიკო, თუ აღმოაჩინე ანდრიაში რაიმე ახალი?

მაიკო: კი აღმოვაჩინე, თურმე სახლის დალაგება შეძლებია, 24 საათის განმავლობაში სახლს ალაგებს.

ანდრია: ჯერჯერობით საჭმლის კეთებაში მოვიკოჭლებ, ისევ მირჩევნია კარგი გურმანი ვიყო და მაიკოც შესანიშნავი მზარეულია და ყოველდღე ნაირნაირ კერძებს მიმზადებს ხოლმე. ძალიან გამიმართლა, ოჯახში ვინც კი ქალბატონი მყავს, ყველა საოცარი კულინარია. თუმცა, თუკი კარანტინი გაგვიგრძელეს, შემდეგ გადაცემაში შეიძლება კულინარადაც მოგევლინოთ.

პრინციპში, მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში მაინც საინტერესო ტიპები აღმოვჩნდით, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში სახლის კედლებში გამოკეტვა არ არის მარტივი საქმე. მე და მაიკო ერთმანეთს სიახლეებს გამუდმევით ვაწვდით.

სხვათა შორის, ჩვენს ძაღლთან ერთად ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე უკაცრიელ ადგილებს, სადაც ხალხი არ დაიარება, ასე რომ სახლში ბოლომდე გამოკეტილები არ ვართ.

სოციალურ ქსელში არაერთი მუსიკალური პერფორმანსი შემოგვთავაზეთ, თუ გაქვთ კიდევ რაიმე სიახლე?

ჩვენ უკვე რიგით მესამე დუეტი გამოგვივიდა, გამოხმაურება ძალიან კარგი გვაქვს და საზოგადოებას ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ მაიკო მღერის.  მე და მაიკო იმდენად ვიყავით ჩვენს საქმეებში გადაშვებულები, რომ სახლში მოსვლის შემდეგ მაშინათვე ვიძინებდით, ახლა ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ. დილიდან საღამომდე სულ ვმღერი და მგონი მაიკოს უკვე ვაწუხებ.

ჩემს ახალ, საავტორო სიმღერის აკუსტიკურ ვერსიას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამ სიმღერაზე მუშაობა თებერვალში დავასრულე, კლიპის ჩანაფიქრიც უკვე გვაქვს. ამ სიმღერის გარდა კიდევ ბევრი საავტორო სიმღერა მაქვს და ამ პერიოდს მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ ყველანაირ სფეროში განვვითარდეთ.

ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ პირველს რას გააკეთებთ?

მაიკო: ალბათ ყველაფერს, რისი გაკეთების საშუალებაც აქამდე არ გვქონდა, ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტები.

ანდრია: იტალიური ეზო გვაქვს და როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გავალ გარეთ და ვინც კი შემხვდება ყველას ჩავეხუტები,  ეპიდემიამ ბევრი რამე დაგვანახა, რამდენად ღირებულია ადამიანი და ურთიერთობა.

რეკლამა: 0:05