ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ფაქტი, როგორ ებრძოდა მთავრობა პანდემიას და რამდენად მომზადებულები შევხვდით ამ დიდ გამოწვევას, დიდწილად განპირობებულია იმ რეფორმებით, რაც 2019 წელს გატარდა.
„2019 წელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, იყო ძალიან წარმატებული წელიწადი – ეს იყო წელი, როდესაც ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 5 პროცენტით, ეს იყო წელი, როდესაც ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე იყო და ქართული ექსპორტი აღწევდა 3,8 მლრდ. დოლარს, ეს იყო წელიწადი, როდესაც საქართველოს ესტუმრა 9, 4 მლ. უცხოელი სტუმარი და მათი შენატანი საქართველოს, ასე ვთქვათ, საერთო ყულაბაში იყო 3,3 მლრდ. აშშ დოლარი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალურად ერთ–ერთ საუკეთესო მაჩვენებლებს, რომელმაც, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7,5 პროცენტს გადააჭარბა.
„2019 წელმა, ჩვენი რეფორმების წყალობით, მოგვცა შესაძლებლობა, რომ საქართველომ განამტკიცა თავისი პოზიციები უამრავ საერთაშორისო რეიტინგში და გააძლიერა ამ რეიტინგებში კონკრეტული პოზიციები, კერძოდ: სარეიტინგო კომპანიებმა S&P-მ და FITch-მა გააუმჯობესეს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველომ კვლავაც ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია – მეშვიდე ადგილი დაიკავა, Fraser Institute-ს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის“ მიხედვით ჩვენმა ქვეყანამ პირველ ათეულში მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, ხოლო Heritage Faundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზე აღმოჩნდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა, თითოეული სამინისტრო მოქალაქეებს 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. პროექტის „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, პირველი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელიც პირველ ანგარიშს წარადგენს.