საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარიდანაა. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააჟღერა. მომატებულია ახალი შემთხვევები თბილისშიც. ენდელაძის თქმით, დღეს დედაქალაქში, 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები პაციენტებიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 43 მართვით სუნთქვაზეა.
“გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 578 ახალი შემთხვევა. საერთო რაოდენობა 8 696-ია. 50%-ზე მეტია გამოჯანმრთელება. გუშინ, 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში 4 077 ინფიცირებულია, რომლებიც სხვადასხვა კოციდ-ცენტრებში და ასევე, საკუთარ ბინაში მკურნალობენ.
ინფიცირებული პაციენტებიდან 45 კრიტიკულია, აქედან 43 მართვითზეა. 9 პირი აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან,”- თქვა ენდელაძემ.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 72;
- იმერეთი – 44;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23;
- ქვემო-ქართლი – 10;
- გურია – 8;
- შიდა ქართლი – 1;
- სამცხე-ჯავახეთი – 3;
- კახეთი – 1.
რაც შეეხება ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს, ინფიცირებულიდან 1 ქუთაისში მკურნალობდა, 1 კი – ბათუმში.
“კორონავირუსით გარდაცვლილია 52 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 ახალი გარდაცვალების ფაქტი გვაქვს. ერთი ქუთაისში, ხოლო მეორე ბათუმში მკურნალობდა. ორივე 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან: 88 და 82 პაციენტები სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – აცხადებს ენდელაძე.
ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულ საავადმყოფოში დღეის მდგომარეობით სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.