LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მალე დადგება, თუმცა ხელისუფლებას სურს მისი გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს

30
ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, საპატიმროში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ძალიან მალე დადგება. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, მისი შიმშილობა უკვე 20-დღიან მიჯნას გადასცდა და შეიძლება საათობრივად მდგომარეობა დამძიმდეს.

„გამოხტა ეს მინისტრი და თქვა, რომ გლდანის ციხეში უნდა მოვათავსოთო, სადაც კრიმინალური მუხლებით გასამართლებული ადამიანები იმყოფებიან. მათ იქ სურთ სააკაშვილის გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს,“ – აღნიშნა ბექა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლება „თავის სიტყვაზე დახტის.“

„რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას იქ მოვახდენთო. გუშინ კი, მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში.

ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც ციხის ადმინისტრაციას წლების მანძილზე აქვს. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი პროვოკაციას აწყობენ და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ.

გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები“ და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა,– განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა.

ბექა ბასილაიას შეფასებით, ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, გადაჰყავს „ვივამედში“ ან სხვა კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობები არსებობს.

„ვსაუბრობ სამოქალაქო დაწესებულებებზე. ის განცხადება, რომელიც რატი ბრეგაძემ გააკეთა, არის შეუძლებელი. თურმე, ეს ფარსი იმისთვის დადგა იუსტიციის სამინისტრომ, რომ შემდეგ მე-18 დაწესებულებაში, იქ, სადაც სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანები არიან, უნდა მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ხელისუფლების მხრიდან უღირსი ნაბიჯი,“ – განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება.

ცნობისთვის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი დაკავების დღიდან, უკვე 21-ე დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.

სააკაშვილი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეების რიცხვს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ – კლინიკების ასოციაცია

პოპულალურები