მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ისევ მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, „ხელისუფლების მხრიდან მზაობაა, რომ მოკლან“.
„თითქმის წელიწად-ნახევარი ამას პირადად ვხედავ. რაც შეეხება პოლონური მხარის მზაობას, ვიცი, რომ ჩამოსული იყო პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც წაყვანას ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. იმავე წინადადებით ჩამოსული იყო პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა უარს იღებდა..
38,3 აქვს სიცხე და წნევაც მაღალი აქვს. წონა 66 კილოგრამი და 700 გრ. ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ-მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო, ადამიანი გაილია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ალასანია ასევე გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარშის გადაცემას და იმედი გამოთქვა, რომ მას შედეგი ექნება:
„წერილში წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა და სასწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს არ არის დამალული ინფორმაცია. იმედია, გამოქვეყნდება“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.