თერაპევტმა ურთმელიძემ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა წაიკითხოს კარგად, თუ ვერ კითხულობს, შემიძლია, ქართული ვარიანტიც გავუგზავნო, ინგლისურიც და შემიძლია, მეგრულადაც გადავუთარგმნო, – ასე ეხმაურება „ფორტუნასთან“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის მიხედვით „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება“.
„ბატონი მალხაზ ურთმელიძე გამოძახებულია სასამართლო პროცესზე, მოვიდეს და მისცეს ჩვენება. პენიტენციური სამსახურს დაარსებიდან დღემდე პატიმრის სასარგებლო განცხადება არასდროს, არც ერთ პატიმარზე არ გაუკეთებია და სააკაშვილზე რატომ გააკეთებდა? არც გამკვირვებია, მათი სტილია“, – აცხადებს ხაჭაპურიძე „ფორტუნასთან“.
მისივე თქმით, სააკაშვილის პოლონიუმით მოწამვლა მხოლოდ „გარკვეული საადვოკატო ვერსია იყო“.
ხაჭაპურიძე: უცხოელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, „პოლონიუმით“ იყოს მოწამლული
„სააკაშვილის პოლონიუმით მოწამვლასთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ამერიკელი ექსპერტის, ბატონის სმიტის დასკვნაში საუბარი არ არის არანაირ პოლონიუმზე, იგი ამჟამად არ მუშაობს პოლონიუმთან დაკავშირებით და ეს საკითხი არც წამოჭრილა.
პოლონიუმით მოწამვლა არის გარკვეული საადვოკატო ვერსია. არცერთ საექსპერტო დასკვნაში მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ იმას, რომ ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც საუბრობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები გვაქვს ასევე ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს კვლევები არ ტარდება, ამას გულისხმობდა ჩემი გუშინდელი განცხადება და დოკუმენტიც“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.