LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დავუშვებთ თუნდაც, მცირე დოზით პოლიტიკურ სისტემაში მათ რეანიმაციას – კალაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” (ვიდეო)

65

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია ფიგურირებენ. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი არ არის ავთენტურად ცნობს თუ არა მას “ნაციონალური მოძრაობა”, მისივე თქმით, ასეთი ადამიანების პოლიტიკურ სისტემაში დაბრუნებას არ დაუშვებენ.

“მინდა გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არსებითად, არა საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება. ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ნაციონალური მოძრაობის” სახით რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. როცა ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ყველაფერი ნათელია.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს “ნაციონალური მოძრაობა” ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულებაა სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულები. არავის მივცემთ საშუალებას და მითუმეტეს “ნაციონალურ მოძრაობას”, შეიტანონ დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. არ დავუშვებთ, რომ ასეთმა ადამიანებმა თუნდაც, მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია პოლიტიკურ სისტემაში, ამაზე არის პასუხისმგებელი “ქართული ოცნება” ქართული საზოგადოების წინაშე,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრას მედიასთან და აღნიშნა, რომ მან ამომწურავად განმარტა ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

“მათ შორის, ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია “რუსთავი 2” წინასაარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა. ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები, ესაა გარანტია იმის, რომ “ქართული ოცნება” არასდროს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომელიც საზოგადოებას ცუდად დაამახსოვრდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ასევე  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ავღანეთის სამხედრო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვებასთან დაკავშირებით სააკაშვილის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გუშინ გამართული არჩევნების ყუთები 28 ოქტომბერს გაიხსნება. მისივე თქმით, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა საარჩევნო ბიულეტინის ფოტოსურათი, რაც საარჩევნო ნორმების დარღვევაა.

“იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს. თუმცა, სააკაშვილისგან ამაზე დიდი სიმდაბლეებიც არა ერთი გვახსოვს. შესაბამისად, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს 28 ოქტომბერს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები