საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს მონტაჟი და სისულელე უწოდა.
„არც მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები. ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, ახლა მაინცდამაინც, როცა ჩემი შვილის პროცესები მიდის?! რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა უარვყოფ, რა სისულელეა, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. შეიძლება ყველა იყოს, ვინც ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგია. არ გელაპარაკებით, ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”. ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.