LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი კირკიტაძე: „გელა ოჯახის წევრებზე მეტად ნერვიულობს ჩვენზე… შეყვარებული რომ ვიყო, ალბათ, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვიცეკვებდი…“

3682
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძე ერთ-ერთია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეებს შორის, რომელმაც პირველივე ტურიდან გაგვაკვირვა საკუთარი საცეკვაო მონაცემებით, არადა, მას სამეჯლისო ცეკვებზე არასდროს უვლია.

ყველას გაუჩნდა აზრი, რომ სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდი, თუმცა როგორც ვიცი, ბავშვობიდან ქართულს ცეკვავდი…

ბაბი კირკიტაძე: 

რა გადასარევი კომპლიმენტია! როგორც ბავშვების უმეტესობა, მეც დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, მაგრამ არა სამეჯლისოზე. 13 წლისამ დავასრულე ქართულ ცეკვაზე სიარული და სულ მენატრებოდა. პირველად ვარ ლათინო-ამერიკული ცეკვების სამყაროში და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

შეთავაზებას ადვილად დათანხმდი?

თავიდან კი, მაგრამ თუმცა მაშინებდა ჩემი გრაფიკი, მით უმეტეს, ახალი წელი ახლოვდება – ერთადერთი, რაც თავიდანვე მაშინებდა, იყო საკონცერტო განრიგი, გადაღებები, თან წამყვანობა. სურვილმა იმდენად მძლია, რომ ბევრიც არ მიფიქრია, როგორ მოვერეოდი ამ ამბავს. თუ აქამდე ხუთი ან ექვსი საათი მეძინა, ახლა სამზე ჩამოვედი. ნელ-ნელა „გადავაგდებ“ ალბათ ძილის ჩვევას (იღიმის).

პირველ გამოსვლაზე იყავი საოცრად კარგ ფორმაში. ოქროსფერმა კოსტიუმმა დიდი მოწონება დაიმსახურა…

კოსტიუმებს არჩევს და კერავს ინდივიდუალურად ყველა მონაწილისთვის ლაშა ჯოხაძე. ძალიან გამოცდილები არიან და ზუსტად იციან, რა მოგიხდება და რომელი კოსტიუმი იქნება შენთვის კომფორტული. მივენდე მათ, ძალიან მომეწონა მეც, დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლაშას და მის გუნდს. ჩემთვის უჩვეულო კოსტიუმი იყო, რადგან მოკლე და ძალიან  გახსნილი სამოსი არასდროს მაცვია. როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას დავთანხმდი, ვიცოდი, რომ ესეც მისი ნაწილი იქნებოდა.

გქონდა უხერხულობა?

უფრო მეტად ცეკვაზე ვფიქრობდი და სიმართლე გითხრა, კოსტიუმზე საერთოდ არ მიფიქრია, რა გამომიჩნდებოდა და რა დაიმალებოდა.

ზოგადად, რა სირთულეები ახლავს ამ პროექტს?

ერთია, გქონდეს სურვილი, გიჟდებოდა და გინდოდეს და გიყვარდეს ცეკვა და მეორეა – რაც პროექტში ხდება. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ჩემთან ძალიან ახლოს იყო წინა სეზონზე, რადგან გიორგი გაბუნია მონაწილეობდა და ხშირად ვესწრებოდი მის რეპეტიციებს, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ მიხვდები,  რამდენად რთულია. რამდენადაც დაიხარჯები, იმის რაღაც პროცენტი გამოგაქვს სცენაზე, ამიტომ თავი უნდა დააკლა, რომ რაღაც პროცენტი რომ გამოვა, იყოს შესახედი და მოსაწონი.

კონკურენციაზე გკითხავ. გავიგე, რომ შენ და თათა გიორგობიანს გსურთ, ფინალში ერთად იდგეთ…

თათამ თქვა ეს აზრი და მეც ვეთანხმები. ერთად მოვედით და ხუმრობით ვამბობდით, რომ თუ გამოყრაა, ერთად გამოგვყარონო… კონკურენციის შეგრძნება თათას მიმართ არ მაქვს. იმდენად განვიცდიდი მის შესრულებას, იმდენი ვინერვიულე, თან მეტირებოდა, თან მეცინებოდა, თან მეყვირებოდა, ყველაფერი ერთად მჭირდა და აღარ ვიცოდი, როგორ გამემხნევებინა, აღარ ვიცოდი. როგორც საკუთარ თავს, ისე ვგულშემატკივრობ თათას. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას.

კონკურენცია ზოგადად მაღალია წლევანდელ სეზონზე…

ყველას მეტ-ნაკლებად გამოგვდის ცეკვა. ყველა ნომერი დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, შესაბამისად, ამბობენ, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ შიგნით ეს ჯერ არ იგრძნობა. ყველა გვეუბნება, რომ მერე გაგვიმძაფრდება ეს შეგრძნება.

სიურპრიზებს შემოგვთავაზებ?

ძალიან მინდა, რომ ყოველი ნომერი და ცეკვა იყოს დასამახსოვრებელი და ეფექტური. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ცეკვის დასადგმელად და შესასწავლად ძალიან მცირე დროა, ვცდილობთ, იყოს გამორჩეული. პირველმა მეტ-ნაკლებად შთამბეჭდავი გამოდგა, მეორეზეც გამორჩეულად კარგი მოლოდინი მქონდა. დილამდე სტუდიაში ვათენებდით და ვაღამებდით. მინდა, ყველა ტური გამორჩეული და ძალიან კარგი იყოს. ეს ჩემთვისაც მინდა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და მაყურებელსაც გადავცე.

რა კომპლიმენტი მოგეწონა ყველაზე მეტად?

თუ საკუთარი თავით კმაყოფილებაზე ვისაუბრებთ, არასდროს მაქვს. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. კარგ მხარეს ვეღარ ვხედავ. მხოლოდ შეცდომების აღმოფხვრაზე ვარ ორიენტირებული და ამიტომ შეიძლება, არც მივიღო კომპლიმენტი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რაც პროფესიონალმა მოცეკვავეებმა მითხრეს, როგორც ჩვენ ვიცეკვებდით, ისე იცეკვეო. სიმართლე გითხრა, არ დავუჯერე. მიკვირს… არასდროს მქონია ეს სიამოვნება და არც დრო, რომ სამეჯლისო ცეკვებზე მევლო.

გელა ცოტა ნაწყენი ხომ არ არის, რომ მისთვის ნაკლები დრო გაქვს?

პირიქით, ძალიან გვიწყობს ხელს, რეპეტიციებსაც ისე ნიშნავს, რომ ხელი არ შეგვეშალოს. პირველ გამოსვლაზე ისე ნერვიულობდა, ჩვენს ოჯახის წევრებზე მეტადაც კი. დედაჩემი მეუბნებოდა, ისე ღელავდა, ჩვენ ვეღარ ვინერვიულეთო. ძალიან განიცდის. მგონია, რომ თავად ცეკვავს, ისე ნერვიულობს.

ძილისთვის თუ სამი საათი გაქვს, პირადი ცხოვრება ისევ გვერდზეა გადადებული?

მანამდეც არ მქონდა დრო პირადისთვის და ახლა მით უმეტეს… ახლა ვფიქრობდი, შეყვარებული რომ ვიყო, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვიცეკვებდი ალბათ, მაგრამ არ არის და რა ვქნა (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები