დღეს, 6 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის – გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, გურამ ჩიგოგიძის ოჯახის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გურამ ჩიგოგიძე ბათუმის საპატიო მოქალაქე და რეგიონის გამორჩეული ლიდერი იყო. 1986-1991 წლებში, რეგიონში განხორციელებული მასშტაბური პროექტები და უდიდესი მიღწევები, სწორედ გურამ ჩიგოგიძის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდება.
საბჭოთა რეჟიმის დროს, გურამ ჩიგოგიძემ ქვეყნის სულიერ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ამ პერიოდს უკავშირდება ბათუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნა.
ამ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თაოსნობით პირველი დიდი ნათლობა ჩატარდა და 5000 ადგილობრივი მოსახლე მოინათლა.
გურამ ჩიგოგიძის მხარდაჭერით აჭარის მთიანეთში სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მონასტერი და ხულოში სასულიერო სასწავლებლი აღდგა. ასევე, ამ სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა მოხდა.
ყოველივე ამან გარდამტეხი როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში, მათი ქრისტიანული მსოფლმხედველობის განმტკიცებაში.
გურამ ჩიგოგიძის წვლილი დიდია ქართული მედიის, რადიო ბაზრის განვითარებაში. 1997 წელს მან დააფუძნა რადიოჰოლდინგი, რომლის რადიოსადგურები „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „ავტორადიო“ და „არ დაიდარდო“ ბოლო 25 წლის მანძილზე ბაზარზე ლიდერობენ.
თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
„უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ ჩემ საყვარელ ბათუმში მამას მემორიალური დაფა გაიხსნა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის მეგობრებს და კოლეგებს ამ ინიციატივისთვის და ქალაქ ბათუმის მერიას, საკრებულოს, მისი დაფასებისთვის.
მამაჩემს ძალიან უყვარდა აჭარა, მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვახარებს, რომ მისი ღვაწლი აჭარის რეგიონის განვითარებაში დღემდე ახსოვთ.
რა უნდა იყოს იმაზე მეტად სანუგეშო ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ მისი კვალი წუთისოფელში დიდხანს რჩება, ამ დანატოვარით ამაყობენ შთამომავლები და ამ საძირკველზე სიკეთის შენებას განაგრძობენ.“
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი:
„შესანიშნავი დღეა, ყველა ჩვენგანის, მათ შორის, ქალაქის მმართველობის ვალდებულებაა, რომ დამსახურებული ადამიანების ღვაწლი დაფასდეს.
შესაბამისად, ეს მცირედი ყურადღების გამოვლენა არის დასტური იმისა, თუ როგორ ვცემთ პატივს ყველა დამსახურებულ ადამიანს. ბატონი გურამის დამსახურებების ნუსხა, ძალიან შთამბეჭდავია.
გარდა ამისა, ჩემი ბავშვობიდან ერთ კონკრეტულ ფაქტს გავიხსენებ: 1989 წლის საყოველთაო ნათლობას, საკათედრო ტაძრის გახსნასა და პატრიარქის ჩამობრძანებას, რაც მისი (გურამ ჩიგოგიძე) დამსახურებაა.
მაშინ პირველად მოვხვდი საკათედრო ტაძარში და 8 წლის ბავშვზე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
მინდა ხაზი გაუსვა არამხოლოდ ამ ფაქტს, მის ღვაწლსა და იმ დიდ საქმეებს, ქველმოქმედებას, არამედ იმასაც, რომ მას პოლიტიკურ ნაწილშიც ბევრი რამ აქვს გაკეთებული, ბევრი მიმართულებით სამაგალითო ადამიანი იყო.
ოჯახს ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მისმა შვილიშვილებმა, მომავალმა თაობებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საპატიო ბათუმელისა და დამსახურებული ადამიანის შესახებ, რომლის ღვაწლიც ძალიან დასაფასებელია, ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით გვახსოვს. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ.“