LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოშლილი ეკონომიკა და გაღარიბებული ხალხი – რა გამოსავალს ხედავენ ეკონომისტები

196
bavshvi

ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიამ, რომელსაც წელიწადნახევარია ვებრძვით მთელი მსოფლიო და ჯერ მის დამარცხებას ბოლო არ უჩანს. არც ის არის სიახლე, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა არაერთმა შეზღუდვამ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. პანდემიის მძიმე გავლენა, რა თქმა უნდა, აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. ოღონდ აქ ერთი მთავარი შეკითხვაა – როგორ, რა ნაბიჯებით ემზადებოდა ქვეყნის ხელისუფლება, რომ ეს გავლენა მინიმუმამდე დაეყვანა, რამდენად სწორი და თანმიმდევრულია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, სად წავიდა ლარი, რომელსაც ცარიელი სახელიღა შერჩა, თორემ მან ფასი, ფაქტობრივად, დაკარგა, რა ეშველება ხალხს, რომელსაც არც აქამდე ულხინდა და ახლა, 5 ლარამდე ღირებულების ზეთს 8 ლარად ყიდულობს, უფრო სწორად უნდა იყიდოს, მაგრამ იყიდის თუ ვერ – ეს სხვა საქმეა. რადიო “ფორტუნამ” გადაწყვიტა ეკონომისტებისთვის ეკითხა აზრი, რა შეიძლება გაკეთდეს არსებულ რთულ ვითარებაში იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ცოტა შვება იგრძნოს.

 

კორონაპანდემიის გავლენა თუ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა

 

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ, ძირითადად, როცა ეკონიმიკურ ვითარებაზე ვსაუბრობთ, პანდემიურ პროცესს რომ დადებითი არ მოაქვს, ეს ყველასთვის ცხადია.

“ამას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ემატება. ეს არის უსაფუძვლო შეზღუდვებიდან დაწყებული დამთავრებული იმ პოლიტიკით, რასაც ფინანსების არასწორი ხარჯვა ჰქვია. ვალით აღებული ფული იხარჯებოდა დახმარებებში, დეველოპერებისთვის ფულის ჩუქებაში … – ეს არის ის პოლიტიკა, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო.

კორონაპანდემიას ისედაც ახლავს კრიზისი. როცა ზღუდავ ეკონომიკური სუბიექტების მუშაობას, ყველაფერს კეტავენ, ლოგიკურია ის შედეგი, რაც გვაქვს. ბიზნესის წარმომადგენლები იძულებულები არიან, ან ხელფასი შეუმცირონ, ან გაუშვან თანამშრომლები. ერთი მხრივ პანდემია გვაქვს,  მეორე მხრივ – ეკონომიკის ჩამოშლა. ეს საბოლოოდ ყველა ადამიანს დაეტყობა”, – ამბობს გერლიანი. 

 

                                                            

 ადამიანების გაღარიბების  უწყვეტი რგოლი    

                                                 

ჩვენ ეკონომიტს ისიც ვკითხეთ, როგორია ის ეკონომიკური ჯაჭვი, რაც ერთი მეორის მიყოლებით მოქალაქეების გაღარიბებას იწვევს. რამაზ გერლიანმა ძალიან მარტივად აგვიხსნა, რომ თუ ერთ ადამიანს შემოსავალი უმცირდება და ის ვეღარ ყიდულობს მაგ. ტანსაცმელს, შემოსავალი აკლდება – ტანსაცმლის გამყიდველსაც და ასე გრძელდება ეს ჯაჭვური პროცესი.

“პურის გამყიდველი რომ ნაკლებ პური გაყიდის, ე. ი.  მან ნაკლები ფული იშოვა. ის ამ ფულით ხომ ყიდულობდა რაღაც კონკრეტულ ნივთს, იმას ვეღარ ყიდულობს. ასე გრძელდება ეს რგოლი. როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი ხნით გავყინავთ ყველაფერს, ცხადია, მივიღებთ ამ შედეგს, რაც გვაქვს. ის სტატისტიკა რაც არის, მართალია, ნაკლებადაა სანდო, მაგრამ მაინც გვიჩვენებს, რომ ძალიან ცუდი  მდგომარეობაა. რომ შევაფასოთ ეკონომიკური პოლიტიკა 10 ბალიანი სისტემით, 1 ან 2 ქულას თუ მივანიჭებთ:, – ამბობს გერლიანი. 

სად არის გამოსავალი  

 

ჩვენ ეკონომიკური კრიზისის მიზეზებსა და სიტუაციიდან გამოსავალზე “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძესაც ვესაუბრეთ, რომელიც თვლის, რომ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, თუ გამოსავალზე ვსაუბრობთ, ვაქცინაციაა.

“ზოგადად, კომპეტენციის პრობლემა ნამდვილად არის. გვახსოვს, ხელისუფლება ამბობდა, რომ კორონავირუსის პირველი ტალღა წარმატებით დავძლიეთ. გვახსოვს ბიზნესის ჩაკეტვა, მერე მეორე ტალღა. ანუ ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებასთან ერთად გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში არაერთ ადამიანს შეიწირავს. უმუშევრობა ამ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს. მესამე ტალღის მოლოდინში ვართ და განიხილება ჩაკეტვები.

 

მესამე ტალღასთან დაკავშირებული მოლოდინები სრულიად საფუძვლიანია - ამირან გამყრელიძე

ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ ეს 1000 და 1500 საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

 

უნდა დავსვათ კითხვა – რატომ მოვედით აქამდე, რატომ ვერ დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი დროულად. აქტიური კამპანია რომ ჩატარებულიყო ჩვენ ცოტა მაინც ავირიდებდით ე. წ. მესამე ტალღას. უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ხელისუფლების ნაბიჯები სწორია, მაგრამ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს.

გამოსავალია, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, რადგან ეს დამატებით რყევებია ეკონომიკური გარეოსთვის. დროულად დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი და მთავრობამ კრიზისის გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე არ იქნება გათვლილი”, – ამბობს კეპულაძე. 

დღეს ბიზნესი და მოქალაქეები, რეალურად, ქალაქების ჩაკეტვის და შეზღუდვების გამკაცრების მოლოდინში არიან, თუმცა როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მართალია, მოლოდინები რეალურია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ე. წ. ლოქდაუნი არ განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები