LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევი ტაბიძე: მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება

248
დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორისა ჯანდაცვის ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, დღეს მოსახლეობას კორონისგან კორონა-გენოციდი ემუქრება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ნამდვილად ძალიან საგანგაშოა და თუ არსებული ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ინფიცირებულთა მასშტაბმა 7 ათასსაც გადააჭარბოს.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია.

დევი ტაბიძის თქმით, ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება.

„ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათასს ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,- განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, რეგულაციების არდაცვისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე, მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. ტაბიძის თქმით, რეალურად, პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება.

„საწოლებიც ბევრია და საკმარისია, მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება იმიტომ, რომ კლინიკაში შემოსული პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან“,- განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, მედპერსონალის ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის და ამის გათვალისწინებით, მდგომარეობა გართულდება. როგორც მედიკოსმა თქვა, თუ ასე გაგრძელდა, არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში დადგეს ე.წ. საველე ჰოსპიტლების საჭიროება.

„ამ მომენტისთვის საჭირო არ არის, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“, – განაცხადა ტაბიძემ.

ამასთან, მან იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ვაქცინაციაზე მომართვიანობა ძალიან დაბალია. როგორც მანვე აღნიშნა, ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

„ეს სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ დადო. ამას ყველა ადასტურებს, მე მარტო ერთი არ ვარ. უნდა შედგეს ჩამონათვალი იმ სამსახურების და ადამიანებისა, რომლებსაც უფრო მეტად უწევთ ადამიანების უფრო დიდ რაოდენობასთან კონტაქტი.“ – განაცხადა ტაბიძემ და დაძინა, რომ მისი მოსაზრებით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, აიცრას.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 6 024, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.

 

პოპულალურები