LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ჯოჯოხეთი, სურვილი მაქვს მალე ვნახო, რომ მარტო არ იყოს… განსაკუთრებული შვილი იყო”- ლევან კბილაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

13997
კბილაშვილისდედა

“ეს არ ვიცი რა არის, ეს არის ჯოჯოხეთი. როდის ვნახავ არ ვიცი, მაგრამ სურვილი მაქვს მალე ვნახო, რომ მარტო არ იყოს” – ამბობს ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე, რომელმაც შვილის გარდაცვალება სოციალური ქსელიდან შეიტყო – “ფეისბუქიდან” გავიგე მე პირადად, ანევრიზმა ჰქონდა”.

გარდაცვლილი მომღერლის დედა შვილის ბავშვობას “იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს:

“განსაკუთრებული შვილი იყო, ვერ გეტყვით როგორი შვილი იყო ლევანი, ძალიან კეთილი, ჩაძინებული რომ ვიყავი, მოვიდოდა, მაკოცებდა უცებ.

რაღაცნაირი ბავშვი იყო, დაჯდებოდა სკამზე – სკამი გატყდებოდა, თვითონ გადმოვარდებოდა, რაღაც ეტკინებოდა. ძალიან ხიფათიანი იყო თავიდანვე, მაგრამ სიმღერის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. სახლში თამაშობდა და მღეროდა, ხანდახან რომ არ მღეროდა მეზობლები მეკითხებოდნენ, ხომ კარგად არის, რატომ არ მღერისო”, – ამბობს მელიტა ფურცელაძე და ლევანის მუსიკის პროფესიონალურად დაუფლების დასაწყისსაც იხსენებს.

“მე ვუთხარი ბატონო რობერტ (ბარძიმაშვილი), ვიცი, რომ კარგად მღერის ჩემი შვილი, თქვენ რას მირჩევთ ხალხურ სიმღერაზე მივიყვანო თუ საესტრადო განხრით გავაყოლოთ. რომ მოუსმინა მითხრა, მას ისეთი ხმა აქვს, ხალხურ სიმღერას ყოველთვის იმღერებს და ჩემთან დატოვეო, დაიტოვა თავისთან. სულ იძახდა ბატონი რობერტი, ჩემს სულს ვხედავ ამ ბავშვში, მინდა ჩემი სიმღერები იმღეროსო”, – ამბობს მელიტა ფურცელაძე და “ჯეოსტარის” პერიოდსაც იხსენებს:

“იმას კი არ ამბობდა, არანაირი ამბიცია არ ჰქონია, რომ აუცილებლად გამარჯვებული გამოსულიყო, სულ იმას იძახდა ნეტა ხალხურ სიმღერამდე მიმაღწევინაო, ძალიან უყვარდა ხალხური სიმღერა და უნდოდა ემღერა”.

იქ არ ჩასულა იმისთვის, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი გამხდარიყო – ამბობს ლევან კბილაშვილის დედა და შვილის რუსულ კარიერაზე საუბრობს.

“ერთი ჩანთა აიღო და წავიდა, უთხრეს პატრიარქს რომ “ვოისში” მიდისო და დალოცა, ჯვარი აჩუქა, ასე პატრიარქისგან დალოცვილი წავიდა, სულ იძახდა ღმერთი მწყალობს, პატრიარქმა რომ დამლოცა, ამიტომ მიმართლებს ყველგანო.

საერთო მეგობარი აღმოაჩნდათ მის მეგობრებს ლუბა უსპენსკაიასთან. ჩვენ ძალიან კარგი ქართველი გვყავს, რომელიც ძალიან კარგად მღერისო, საჩუქარი გვინდა გაგვიკეთოთ და მოვიყვანოთ შენთან დაბადების დღეზეო. იმღერეს ამათმა, დაამთავრეს სიმღერა, გამოვიდა დირექტორი და უთხრა, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურეთ, უნდა მობრუნდეთო. მთელი საღამო აღარავინ მღეროდა, ლევანი მღეროდა ქართულ სიმღერებს.

იქ არ ჩასულა იმისთვის, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი გამხდარიყო და იქაური სიმღერები ემღერა. ეს წავიდა იმ მიზნით, რომ ქართულად უნდა ემღერა. ბრეგოვიჩი უნდა ჩამოსულიყო, ჰქონდა დაგეგმილი, სხვათა შორის ამბობდა, საქართველოში მინდა ალბომი გავაკეთოო, გამოვუშვებ ალბომსო, ფაქტობრივად, მზად არის ეს ალბომი”- ამბობს კბილაშვილის დედა და შვილთან ბოლო 20 ივნისის საუბარს იხსენებს, რომელიც თითქოს წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

“დღეს იქნება – ხვალ, როცა იქნება ხომ წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება ჩემი სიმღერებიო, ეს მითხრა”.

მომღერალი ლევან კბილაშვილი 21 ივნისს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები