28 სექტემბერს „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებას „ნაით პრაიმ ტაიმის“ ოთხეული უძღვებოდა, მათ შორის იყო მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც სცენაზე წითელ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას სწორედ ამ კაბისა და ზოგადად, სამოსის შერჩევის კრიტერიუმებზე დავუსვით კითხვები.
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო საღამოზე თვალისმომჭრელად ლამაზი იყო წითელ კაბაში. რომელი ბრენდისაა ის?
ნინო ჩხეიძე:
რომ დავიწყე ძიება, რა უნდა ჩამეცვა ამ ღონისძიებაზე, „ვალენტინოს“ 2022 წლის საგაზაფხულო კოლექციით მოვიხიბლე, სადაც ვნახე ეს კაბა. გამიმართლა, რომ თბილისში შევიძინე „ვალენტინოს“ ნაჭერი. ვეცადეთ, რომ მიგვემსგავსებინა. წლებია, მყავს ჩემი მკერავი, რომელიც ჩემს სასცენო კოსტიუმზე მუშაობს. კრუელას კაბაც მისი შეკერილია. ძალიან კმაყოფილი ვარ მასთან თანამშრომლობით.
რა კრიტერიუმებით არჩევ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის სამოსს?
სიტუაციიდან გამომდინარე ვარჩევ. გააჩნია, სად მივდივარ და რა „დავალება აქვს“ ჩემს ჩაცმულობას. ძალიან ვნერვიულობდი „ნატვრის ხის“ კონცერტის წაყვანისას, საპასუხისმგებლო საქმე იყო, ამ კაბამ შემიმსუბუქა წაყვანის პროცესი. ძალიან კომფორტული კაბა იყო. სცენაზე გამოსვლისას ჩაცმულობის შერჩევას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ძალიან მეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში. სხვანაირად კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც ლამაზი კაბა მაცვია.
„შანელის“ დიდი სიყვარული ამჯერად „ვალენტინომ“ გადაწონა?
(იღიმის) რა ვიცი… „შანელის“ სიყვარული მარადიულია და გაფეტიშებულია. „შანელის“ სტილი და მერკეტინგიც მიყვარს, მაგრამ ბოლო წლებია, სხვადასხვა ბრენდთან ვუღალატე.
ახლა რას იცვამ?
აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ჩემს ხასიათთან იქნება ახლოს. განწყობა, რეპერტუარი და სიტუაცია – აქედან გამომდინარე ვარჩევ ხოლმე.
მგონი, ქართველ დიზაინერებთან ნაკლებად თანამშრომლობ.
არა, არ ვთანამშრომლობ, მაგრამ როდესაც კარიერა დავიწყე, ავთანდილის სამოსს ვანიჭებდი უპირატესობას. მას ოტ კუტიურს ვაკეთებინებდი და რეკორდული რაოდენობის კაბები მაქვს. დღემდე ვინახავ და მინდა, ჩემი ამ კოლექციის გამოფენა გავაკეთო . მქონია დათუნა სულიკაშვილის არაერთი კაბა.
„შანელის“ მაღაზიის ექსკლუზიური სტუმარი, ვიპ კლიენტი ისევ ხარ?
ადრე ვიყავი ვიპ კლიენტი და ესეც სხვებისგან გავიგე, მაგრამ ახლა – არ მგონია, ვიყო. შეიძლება, წელიწადში რამდენჯერმე ვესტუმრო…