LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაინაცვლებს თუ არა რუსულ შოუბიზნესში ნუცა ბუზალაძე: „სერგეი ლაზარევთან რომანი არ მაქვს…“

11093
nutsa mtavarze

ნუცა ბუზალაძემ რუსულ მუსიკალურ შოუში, სადაც მას ჟიურის წევრთა ასეულის გული უნდა მოეგო, ნამდვილი ფურორი მოახდინა. მართალია, მან მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა, მათ შორის ცნობილი რუსი შემსრულებელი, სერგეი ლაზარევიცაა, რომელმაც მას „სონის“ რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმებინა. ნუცას პირვეოლი რუსულენოვანი სინგლი უკვე გამოსულია. მომღერალმა ჯერჯერობით არ იცის, როგორ და სად გააგრძელებს კარიერას. რადიო „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტს მან საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

კონკურსში მონაწილეობა როგორ გადაწყვიტე?

ნუცა ბუზალაძე:

პირველ სეზონზე ვაპირებდი გასვლას, მართალი რომ გითხრათ. აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთი გოგონა, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, ქართველია, ლორენა მატუა. მას იურმალადან ვახსოვდი და მომწერა. პირველი სეზონის დაწყებამდე მომწერა, უნდოდა მონაწილეობა მიმეღო. წინა წელს ალბომი გამოვეცი, კლიპი გადავიღე და არ მქონდა დრო, ამიტომაც ვერ მოვახერხე წასვლა. მეორე სეზონზეც შემომეხმიანა. ის რომ არ ყოფილიყო, ამ პროექტში მონაწილეობას ალბათ ვერ გადავწყვეტდი და კიდევ ერთხელ მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. პროექტის ფორმატმაც ძალიან დამაინტერესა, ახალია და ჩემთვის გამოწვევასავით იყო, ძალიან მომეწონა.

პირველი გამოსვლა რომ მახსენდება, ძალიან გავწვალდი გზაში. პირდაპირი ფრენები არ იყო, წინა დღეს ჩავედი და მოსკოვში ჩასვლის პირველი დღე სულ მეძინა. როგორც კი სცენაზე დავდექი, ყველაფერმა გამიარა. ზოგადად, ჩემი საქმის კეთებაში ხელს ვერაფერი მიშლის. სცენაზე დადგომისას ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა (იღიმის).

შოუს მაყურებელი, ფინალის შემდეგ წერდა, რომ გამარჯვებას შენ იმსახურებდი…

იყო ასეთი კომენტარები. ბევრი ელოდა, რომ გავიმარჯვებდი. ჟიურის წევრებიც, პროექტზე მომუშავე ადამიანებიც ფიქრობდნენ, რომ პირველი ადგილი მე მერგებოდა. ვეღარ ვიტევდი ამდენ ემოციას. ფინალის შემდეგ უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩემთან, ტიროდნენ და მეუბნებოდნენ, რომ პირველივე გამოსვლის შემდეგ, როცა ასი ქულა ავიღე, პირველ ადგილს ელოდებოდნენ… არ დაგიმალავთ და მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ, სხვა რამ მოხდა. მილიონი რუბლის მოგებას მილიონი ადამიანის გულის მოგება ჯობს. ხალხის დაფასებაზე კარგი არაფერია. ჩემში ნამდვილ გამარჯვებულს ხედავენ. ფული ჩემთვის ემოციებსა და ადამიანობაზე უფრო ღირებული არასდროსაა. რისი მიღწევაც ამ პროექტით მინდოდა, მიმაჩნია, რომ მივაღწიე. უნდა ნახოთ, რა კომენტარები იწერება სოციალურ ქსელებში…

„სონისთან“ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ მოგვიყევი.

კონტრაქტის გაფორმებაში მთლიანად სერგეი ლაზარევი დამეხმარა, სინგლის გამოცემაშიც. ისე მოხდა ეს ყოველივე, რომ საერთოდ ვერც მივხვდი, ღმერთიც რომ გეხმარება… არც ველოდი, რომ სერგეი ლაზარევი ასე მოინდომებდა ჩემს დახმარებას. გაგიჟებული იყო, რომ ვერ გავიმარჯვე, უსამართლობა იგრძნო. ძალიან სამართლიანი და ემოციური ადამიანია. როცა ვერ მოვიგე, იმ დღეს მითხრა, ყველანაირად დაგეხმარები, როგორც შემეძლებაო. ამ სიტყვებმა ამატირა… საოცარი იყო ფინალის დღე.

სერგეი ლაზარევმა თავიდანვე დიდი ყურადღება მოგაქცია. შენი პირველი გამოსვლისას მას უკვე ეტყობოდა დიდი სიმპათია. აქამდე იცნობდი პირადად?

პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ იურმალის კონკურსში მონაწილეობისას სწორედ ის აცხადებდა მონაწილეებს, მათ შორის, მეც. თავი ასე გავახსენე და გავახსენდი.

რუსულმა მედიამ დაწერა, რომ სერგეი ლაზარევთან რომანი გაქვს.

ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. არანაირი რომანი არ არსებობს, გარდა წრფელი თანადგომისა ამ ადამიანის მხრიდან. იმდენად დიდი უსამართლობა იგრძნო, რომ გადაწყვიტა დამხმარებოდა. მგონია, რომ დაინახა ნიჭი. ამაზე მაგარი არაფერია, რომ ადამიანებს შეუძლიათ ნიჭის დანახვა და გეხმარებიან მის გამოვლენაში. ამ ურთიერთობის მეტი არაფერი ყოფილა. სოცქსელში აქტიურობის გამო, ალბათ, ნორმალურია, რომ ადამიანებმა ასე იფიქრონ, მაგრამ ნამდვილად არაფერი ხდება. ბევრი მიწერს გულებს, მაგრამ არ უნდა იფიქრონ, რომ შეიძლება, ჩვენ შორის რამე ხდება…

შენი პირველი რუსულენოვანი სინგლი ვინ დაგიწერა?

ჟიურიშ მჯდომმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა, რომელიც გაგიჟდა ჩემზე. სულ ახალი სიმღერაა, ჩემთვის დაიწერა და შესაბამისად, აქამდე არავის შეუსრულებია.

რუსულ შოუბიზნესში აპირებ გადანაცვლებას?

ასე ვერ ვიტყვი. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და გადაწყვეტილებებს უცებ ვიღებ, რაც მომინდება, იმის მიხედვით. რა მიზანიც მაქვს, იქამდე მივალ, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ რომელი ქვეყნების გავლით, არ მაქვს ჯერჯერობით დაგეგმილი და არ ვიცი (იღიმის).

ჩაწერები იქამდე მორჩა, სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა?

იქამდე დაიწყო ჩაწერები და მორჩა, სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა.

ახლა როგორ გრძნობ თავს?

ჩემზე ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს. ვარ ჩაკეტილი, როგორც ყველა. თავიდან პანიკაც მქონდა, ზედმეტად ვიცავდი ყველაფერს, ვნერვიულობდი, სახლიდან საერთოდ აღარ გავალ–მეთქი. ჩემს დაქალთან და დეიდასთან გავდიოდი ხოლმე, ახლაც იქაც აღარ მივდივარ სტუმრად. მაქსიმალურად ვიცავ რეკომენდაციებს და ყველას ვთხოვ, რომ დაიცვან რჩევები. მინიმალური ზიანით ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვირუსის გადაგორებას. „კურიერისთვის“ არასდროს მიყურებია და ახლა ყოველდღ ვუყურებ. მინდა, ჩვენმა ქვეყანამ ეს ვირუსი მალე გადაიტანოს…

გეგმებს მოგვიყვები?

არ მიყვარს წინასწარ რაღაცების თქმა. მიყვარს, უცებ რომ იგებენ ადამიანები და აზიარებენ ხოლმე ჩემს წარმატებებს. როცა წინასწარ ვამბობ, მაინც არ გამოდის ისე, როგორც ჩავიფიქრე, ამიტომ ჯობს, ჩუმად ვიყო…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები