LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელდა თუ არა COVID-19 ვუჰანის ლაბორატორიიდან – ჩინეთი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია

218
1

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის კვლევას აგრძელებს და გამოძიების მეორე ეტაპის დაგეგმვას იწყებს, ოფიციალური ჩინეთი კი აცხადებს, რომ ამის წინააღმდეგია. 

“ჩინეთის ხელისუფლება კოვიდ-19-ის წარმოშობის შესახებ გამოძიების მეორე ფაზაში მონაწილეობას არ მიიღებს. კვლევის თემად შემოთავაზებულია ვუჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობა, ეს კი ეწინააღმდეგება მეცნიერებას და საღ აზრს.” – განაცხადა ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ზენგ იქსინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ გაკვირვებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ WHO ამ გამოკვლევას ჩაატარებდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებას იმის შესახებ, რომ Covid-19 პირველად, ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა  – ზენგ იქსინის განაცხადებით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და მაშინ არც ერთი მკვლევარი არ დაინფიცირებულა.

 

 

შეგახსენებთ, გამოძიების ჩატარების ინიციატივა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ეკუთვნის. სწორედ ამ კვლევის მეორე ფაზაში უნდა განხორციელდეს ლაბორატორიების აუდიტი და ქალაქ ვუჰანში სასურსათო ბაზრების დამატებითი კვლევა.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოძიების პირველი ფაზის შესახებ, რომელიც ჯანმო-მ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. 

ჯერ კიდევ მაშინ, კვლევის დაწყების პროცესი შეფერხდა, რადგან პეკინის გადაწყვეტილებით, მკვლევართა ჯგუფს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზსა და ქვეყანაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობას უკავშირდებოდა.

მაშინ ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა.

სპეციალისტების თქმით, ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ წარადგინა.

 

 

ამის შემდეგ პირველადი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეპიდემიის გავრცელების ყველაზე სარწმუნო სცენარი არის ვირუსის გადაცემა ღამურებიდან ადამიანებზე სხვა ცხოველების საშუალებით. ვირუსის გაჟონვა ლაბორატორიიდან კი არის ყველაზე ნაკლებ სავარაუდო თეორია.

თავდაპირველი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეს მოსაზრება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა ეჭვქვეშ დააყენა, მათ შორის იყო ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა “ბიოლოგიური ომის” დასაწყებად შეიქმნა.

“სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური და ბიოლოგიური ომის შესახებ. ეს ახალი ვირუსია და არავინ იცის საიდან გაჩნდა – შეიქმნა ლაბორატორიაში, თუ წარმოიქმნა იმის შემდეგ, რაც ადამიანმა რაღაც ცხოველი შეჭამა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g