„როგორც ჩანს, ადამიანის მკვლელობის სხვადასხვა საშუალება არსებობს და ერთ-ერთი არის ეს – პროცესის გაწელვა, ამ შემთხვევაში რასაც ვხედავთ, ნამდვილად ეს არის“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.
„ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს. ეს ზუსტად ვიცი. როგორც ჩანს, მკვლელობის ასეთი მეთოდია.
ორი-სამი დაკითხვის შემდეგ უკვე დიაგნოზები სრულიად ნათელი იყო და ჩვენ რას ვითხოვთ? ჯანმრთელობის გამო გადავადებას. ამაზე პასუხები დიდი ხანია გაგვეცა. ასე რომ ახლა დანარჩენი დაკითხვა, პენიტენციური სისტემის, ბადრაგების, რას გვაძლევს ჯანმრთელობისთვის? არაფერს, ნულია..
მოწამვლა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ის საკვები მიიღოს, რომელიც ნორმალურ ადამიანს სჭირდება. ნინო ნადირაძის გამოსვლაში ერთი საინტერესო მომენტი იყო – ის ამბობს, რომ თუ წონის კლება გაგრძელდა, შეუქცევადი პროცესია, ეს ნიშნავს, რომ ეს არის გზა სიკვდილისკენ, ვეთანხმები, ასეა“, – ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეს პროცესზე დაცვის მხარე გამოიკვლევს იმ ნივთიერ მტკიცებულებას, რომელიც აშშ-დან ჩამოვიდა. დღესვე გამოიკითხება ერთი მოწმე.