სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია – ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს და შესაბამისად, არ ჭამს. არის ძალიან სუსტად, არაფერი შეცვლილა. აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.